ავთანდილ კენჭაძე მსოფლიო ჩემპიონია, მირიან მაისურაძე - ვერცხლის მედალოსანი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა არაოლიმპიურ წონებში ტირანას მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი შესაძლებლობიდან ორ შემთხვევაში მედალი მოიპოვა.საერთო გუნდურ ჩათვლაში კი პირველ ადგილზე გავიდა, აჟღერდა საქართველოს ჰიმნიც.
ჩვენი გუნდიდან საუკეთესო შედეგს მიაღწია ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ). მომავალმა ჩემპიონმა დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვა თურქ (11-0), იაპონელ (12-1), ყაზახ (10-0) და ირანელ (14-8) მეტოქეებთან და ფინალში გავიდა. მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის და ევროპის ჩემპიონატების ოთხი ბრინჯაოს და ევროპული თამაშების მესამე ადგილოსანმა იოლი გამარჯვება მოიპოვა გადამწყვეტ შეხვედრაშიც, როდესაც ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელი მაგომედ მაგომაევი 13-4 დაამარცხა და კარიერაში პირველად მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
ფინალამდე გაიკვალა გზა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანმა და ევროპის ჩემპიონატების სამი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა მირიან მაისურაძემ (92 კგ).
ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში სუფთად მოუგო ინდოელ მოწინააღმდეგეს (10-0), შემდეგ 4-2 გაიმარჯვა სლოვაკ მეტოქესთან. ნახევარფინალში 9-2 მოუგო იტალიელს, მაგრამ, სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში 0-6 წააგო ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელთან, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულ აბდულრაშიდ სადულაევთან და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.