23-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი სამივე ხარისხის მედლის მოპოვებით დაიწყო

15 ნოემბერი 2024

საქართველოს 23-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრები, რომელიც პილას (პოლონეთი) ევროპის ჩემპიონატს 14 სპორტსმენით ეწვია (9 ვაჟი და 5 გოგონა), პირველივე დღეს სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგს მიაღწია ვაჟთა ნაკრების წარმომადგენელმა გიორგი ტერაშვილმა (-73 კგ). იუნიორებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება. ოქროს ქულამდე გაგრძელებულ შეხვედრებში სამ-სამი გაფრთხილების ხარჯზე მოუგო უკრაინელ და სომეხ მოწინააღმდეგეებს, მეოთხედფინალში ვაზარით გაიმარჯვა ხორვატ მატეია სტოსიჩთან, ნახევარფინალში ასევე ვაზარით მოუგო უნგრელ არონ ჟაბოსთან და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ტერაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ორი ვაზარით დაამარცხა უნგრელი დანიელ სეგედი და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა გოგონათა ნაკრების წარმომადგენელს ნინო ლოლაძეს (-57 კგ). ქართველმა ძიუდოისტმა ისრაელელ, ხორვატ, ფინელ და ესპანელ მეტოქეებს აჯობა, მაგრამ სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში იპონით დამარცხდა აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადასთან და, შარშანდლის მსგავსად, ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თენგო ზირაქაშვილმა (-66 კგ). იუნიორებში ოქროს მედლის მფლობელმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პოლონელ კრჟიშტოფ კლიმკიევიჩს ორი ვაზარით აჯობა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.