23-წლამდელ ძიუდოისტთა წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

19 ნოემბერი 2024

საქართველოს 23-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრებმა პილას (პოლონეთი) ევროპის ჩემპიონატის პირადი პირველობის დასკვნით დღეს ორჯერ ააჟღერა საქართველოს ჰიმნი. ჩემპიონობა იზეიმეს კოტე კაპანაძემ (-81 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ).

81 კილოგრამ წონითი კატეგორიის წარმომადგენელმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა გერმანელი, ისრაელელი, ჩეხი და აზერბაიჯანელი მეტოქეები, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი წმინდა გამარჯვება მოიპოვა იტალიელ ბრაიტ მადალონი როსასთან და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ძიუდოისტი შარშან ამავე ასაკობრივ ჯგუფში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

ჩემპიონობამდე გაცილებით მოკლე გზის გავლა მოუწია მძიმეწონოსან ირაკლი დემეტრაშვილს. მეოთხედფინალში უკრაინელი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში - გერმანიის სახელით მოასპარეზე დანიელ უძილაურს მოუგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი პოლონელ გრჟეგორჟ ტერესინსკის იპონით გაუმკლავდა და შარშან წაგებული ფინალის შემდეგ, ოქროს მედალსაც დაეუფლა.

ერთი დღით ადრე ჩემპიონი გახდა გიორგი ტერაშვილი (-73 კგ). ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა ნინო ლოლაძემ (-57 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თენგო ზირაქაშვილმა (-66 კგ).

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს 23 წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირადში წარმატების შემდეგ, შედეგიანად იასპარეზა შერეულ გუნდურ პირველობაზეც და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ჩვენი გუნდი (ნინო ლოლაძე, ნინო პაპიძე, ეთერ ასკილაშვილი, გიორგი ტერაშვილი, გიორგი ლოლაძე, აკაკი ჯაფარიძე, ირაკლი დემეტრაშვილი) ასპარეზობას მეოთხედფინალიდან შეუდგა. 4-3 მოუგო რუმინეთს, შემდეგ 4-1 გაიმარჯვეს გერმანიასთან და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვეს. გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან მოუწია დაპირისპირება. შეხვედრა 3-3 დასრულდა. ჩემპიონის გამოსავლენად საჭირო გახდა „ოქროს ქულა". ამ შემთხვევაში, ავტომატური ლოტოტრონის დახმარებით ტატამიზე გასვლა აკაკი ჯაფარიძეს (-90 კგ) მოუწია, რომელმაც ვაზარით გაიმარჯვა და საქართველოს ნაკრებს შერეულ გუნდურში ჩემპიონობა მოუტანა.

ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა ნინო ლოლაძემ (-57 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თენგო ზირაქაშვილმა (-66 კგ).

საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. რა თქმა უნდა, პირველზე გავიდა ვაჟთა ჩათვლაშიც.