საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის საახალწლო მილოცვა
ძვირფასო მეგობრებო!
2024 წელი მრავალმხრივ დასამახსოვრებელი და წარმატებული გამოდგა ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით - ქართული სპორტისთვის.
2024 წელს არაერთ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებაში ჩვენ მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი შედეგები, ახალი მიღწევებით შევავსეთ ჩვენი სპორტის ისტორია.
ეს შესაძლებელი გახდა ამ პროცესში ჩართული თითოეული ორგანიზაციის ძალისხმევით, პირველ ყოვლისა კი - თავად სპორტსმენების და მწვრთნელების თავდადებით, სპორტის მრავალრიცხოვანი პარტნიორების და გულშემატკივრების მხარდაჭერით.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა წარმატება, რომელსაც საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მიაღწია. პარიზში ჩვენ ვაჩვენეთ ისტორიული შედეგი - მოვიპოვეთ ოქროს 3, ვერცხლის 3 და ბრინჯაოს 1 მედალი, გუნდურ ჩათვლაში კი 206 ქვეყანას შორის დავიკავეთ 24-ე ადგილი.
ყველა პარამეტრით, ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი ოლიმპიურ თამაშებში დამოუკიდებლად მონაწილეობის პერიოდში. მაშასადამე, 2024 წელს ჩვენ შევასრულეთ უმთავრესი ამოცანა - ავიღეთ ახალი ოლიმპიური სიმაღლე.
ყოველი მომდევნო ოლიმპიური ციკლი ახალ მიზნებს გვისახავს და, შესაბამისად, ახალი ამოცანების წინაშე გვაყენებს.
მომავალი სამნახევარი წლის განმავლობაში ჩვენ გველოდება ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, ევროპული თამაშები, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალები, მათ შორის-ბაკურიანის ზამთრის ფესტივალი.
სულ მალე, 9 თებერვალს ბაკურიანში აინთება „მშვიდობის ცეცხლი" და ევროპის 46 ქვეყნის ახალგალგაზრდა სპორტსმენები ჩაებმებიან ფესტივალის მედლებისთვის ბრძოლაში.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ისევე როგორც 2015 წლის ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალის შემთხვევაში, ჩვენ, როგორც მასპინძლები, ამ გამოცდასაც წარმატებით ჩავაბარებთ.
შობა-ახალი წელი პირველ ყოვლისა სწორედ ახალ იმედებს, უკეთესი მომავლის რწმენას უკავშირდება და ოპტიმიზმით გვავსებს.
მინდა გისურვოთ იმედების გამართლება, ოპტიმისტური განწყობა, ბედნიერება, სიკეთე და გამარჯვებები დამდეგ 2025 წელს.
ლერი ხაბელოვი,
ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი