საქართველოს ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდულმა და უფროსთა ნაკრებებმა „დიდ პრიზზე" 7 მედალი მოიპოვეს
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდულმა და უფროსთა ნაკრებმა გუნდებმა სლოვენიურ რუსეში „დიდ პრიზზე" იასპარეზეს და მედლებიც მოიპოვეს.
თავდაპირველად შეჯიბრში ახალგაზრდული ნაკრები ჩაება და დებიუტშივე 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში 3 მედალი მოიპოვა.
გოგოებში 235.4 ქულით ჩემპიონი გახდა სალომე ფროდიაშვილი, მესამე ადგილზე კი 210.9 ქულით გავიდა მარიამ აბრამიშვილი. ვაჟთა გუნდიდან მეორე საუკეთესო შედეგი - 236.5 ქულა აღმოაჩნდა გიორგი მუმლაძეს.
საქართველოს ჰიმნმა გაიჟღერა ამავე ასაკობრივ ჯგუფში შერეულ წყვილთა ასპარეზობის დასრულების შემდეგ. 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში სალომე ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ ფინალში მოლდოველთა წყვილი - ანა დულჩე და კლიმენტი ურსუ 17:13 დაამარცხეს.
შედეგად, მოპოვებული ორი ოქროს და თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედლით საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
მარიამ ფროდიაშვილი წარმატებით გამოვიდა უფროსებშიც, სადაც მას 237.4 ქულით ვერცხლის მედალი ერგო. 213.1 ქულით და ბრინჯაოს მედლით ნაკრების წარმატებაში წვლილი შეიტანა მარიამ მარშავამ.
დიდი პრიზის დასკვნით დღეს, 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში მესამე ადგილი დაიკავა მარიამ მარშავას და ლევან ქადაგიძის შერეულმა წყვილმა. მომავალმა მედალოსნებმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში 16:10 დაამარცხეს აზერბაიჯანელთა გუნდი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებებმა მთლიანობაში 7 მედალი (2 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო) დაისაკუთრა, რაც ტურნირის საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.