ანასტასია გუბანოვა და ნიკა ეგაძე ევროპის ჩემიონატის ლიდერებს შორის არიან

ფიგურულ ციგურაობაში ტალინში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით შეუდგა ასპარეზობას საქართველოს ნაკრები. ერთეულთა თანრიგში მოკლე, იგივე სავალდებულო პროგრამაში შედეგიანად გამოვიდნენ ანასტასია გუბანოვა და ნიკა ეგაძე.
ქალთა ნაკრების ლიდერმა ანასტასია გუბანოვამ, რომელმაც ერთი წლით ადრე ამავე რანგის შეჯიბრზე ვერცხლის მედალი, ხოლო ორი წლით ადრე ოქროს მედალი მოიპოვა, მისთვის ზედიზედ მესამე ჯილდოს მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
გუბანოვამ მოკლე პროგრამაში, რომელსაც 31 მონაწილე ჰყავდა, 68.99 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ანასტასია 31 იანვარს, თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს, რომლის შედეგიც გადაწყვეტს მედლის ბედს.
შესანიშნავად წარმოაჩინა თავი კაცთა ნაკრების ლიდერმა ნიკა ეგაძემაც. ერთეულების მოკლე პროგრამაში, რომელსაც 34 მონაწილე ჰყავდა, ეგაძემ მსაჯებისგან მეორე საუკეთესო შეფასება - 91.94 ქულა დაიმსახურა, რაც ასევე იძლევა მედლის მოპოვების რეალურ შანსს. ეგაძე ევროპის ჩემპიონატის პირველი ჯილდოსთვის 1 თებერვალს ისრიალებს.