ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია

01 თებერვალი 2025

ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის  ასევე შედეგიანი გამოდგა:  ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა ანასტასია გუბანოვამ.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობისას მსაჯებისგან 129.62-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, ეს კი ამავე პროგრამის მეორე საუკეთესო შედეგი გამოდგა. მეორე საუკეთესო მაჩვენებელი აღმოაჩნდა მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამშიც (198.61), რამაც მას ვერცხლის მედალი მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს წარმომადგენელმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატიც ვერცხლის მედლით დაასრულა, მთლიანობაში კი ეს მისი ზედიზედ მესამე ჯილდოა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალთან ერთად.

ცხადია, რომ ანასტასია გუბანოვა სტაბილურად გამოდის ევროპის ჩემპიონატებზე და სხვა დიდ ტურნირებზე და ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება.  შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც ფავორიტთა შორის ვიხილავთ.

დღესვე ტალინის „ტონდირაბას ყინულის არენაზე" წარსდგა დიანა დევისის და გლებ სმოლკინის მოცეკვავეთა წყვილი. საქართველოს წარმომადგენლებმა 30 მონაწილეს შორის მოკლე პროგრამა მეათე შედეგით (73.82) დაასრულეს და თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს (თავისუფალში ასპარეზობის უფლებისთვის 20 საუკეთესოს შორის მოხვედრა იყო აუცილებელი), სადაც მედლების ბედი 1 თებერვალს გაირკვევა.