საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის სრულ მზადყოფნაშია

31 იანვარი 2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სპორტის მინისტრებთან ერთად, თბილისის ყინულის არენა გახსნა.

მთავრობის მეთაურმა ახალი არენა დაათვალიერა და განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.

თბილისის ყინულის არენა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თებერვალში უმასპინძლებს. ის ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს მოემსახურება.

პრემიერმა უმოკლეს ვადებში და უმაღლესი ხარისხით პროექტის განხორციელებისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მინისტრს და მუნიციპალური განვითარების ფონდს მადლობა გადაუხადა.

„ყინულის არენა აშენდა ერთ წელიწადში, ძირითადად ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, თუმცა ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც დარჩება ქალაქს, ქვეყანას. პროექტი უმაღლესი ხარისხით არის შესრულებული, თანამედროვე სტანდარტების და ხელს შეუწყობს სპორტის შესაბამისი სახეობების განვითარებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საერთაშორისო სტანდარტის თბილისის ყინულის არენის შენობაში მოეწყო ყინულის მოედანი, 700 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი, სამედიცინო და საკონფერენციო დარბაზები. ყინულის არენის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვა და მონტაჟი ჩეხურმა კომპანიამ უზრუნველყო. ყინულის არენის პროექტირება-მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.

მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი 2025-ის" სამზადისთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრა გამართა.

მთავრობის მეთაურმა ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისთვის ინფრასტრუქტურული და საორგანიზაციო მზადყოფნის შესახებ ანგარიში მოისმინა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანა ფესტივალის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მზად არის და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც დასრულებულია.

საორგანიზაციო შეხვედრის შემდეგ გაიმართა ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის 3.5 კმ სიგრძის ტრასის გახსნის ცერემონია. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ბაკურიანი-2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი. აღინიშნა, რომ ეს არის უნიკალური სპორტული სარბიელი, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

ფესტივალის მონაწილე პირველი დელეგაციები საქართველოს 4 თებერვალს ეწვევიან, 6 თებერვლიდან კი დაგეგმილია პირველი მატჩები ყინულის ჰოკეიში.

საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს - "ბაკურიანი 2025"-ს 9-16 თებერვალს უმასპინძლებს. ფესტივალის განმავლობაში საქართველოს 45 ქვეყნიდან 1000-მდე სპორტსმენი ეწვევა. "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში გაიმართება. საქართველო ფესტივალზე 8 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.