ვაჟა მარგველაშვილი პარიზის გრან სლემის ბრინჯაოს მედალოსანია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრან სლემის პირველ დღეს ექვსი ძიუდოისტით გავიდა ტატამიზე. მათ შორის, შედეგიანი გამოდგა ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) ასპარეზობა.
ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის, მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი და ევროპის ჩემპიონატების ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ძიუდოისტი, გრან სლემზე გამოსვლას მეორე წრიდან შეუდგა. პირველ შეხვედრაში იპონით დაამარცხა მასპინძელი რომარიკ ვენდ-იამ ბუდა, შემდეგ ვაზარით მოუგო აზერბაიჯანელ რაშად იელკიევს, მაგრამ ორი ვაზარით დამარცხდა ფრანგ დაიკი ბუბასთან და მესამე ადგილისთვის გააგრძელა ბრძოლა.
გამოცდილმა ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედლის შანსი წარმატებით გამოიყენა - ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელ მურად ჩოპანოვს შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე იპონით მოუგო.
დღესვე ტატამზე გავიდნენ ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ), თემურ ნოზაძე (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მაგრამ ქალთა ნაკრების ლიდერის გარდა, ყველა მათგანი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას. მედალთან ყველაზე ახლოს იყო ეთერ ლიპარტელიანი, მაგრამ ბრინჯაოს ფინალში ფრანგ ოფელი ველოზისთან ვაზარით დამარცხდა და გრან სლემი მეხუთე ადგილზე დაასრულა.