საქართველოს ნაკრებმა მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის და ბრინჯაოს მედლით დაასრულა

02 თებერვალი 2025

ტალინში, სადაც ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობდნენ, მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა სპორტულ ცეკვებსა და კაცთა ერთეულებში. საქართველოს ნაკრებიდან მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო ნიკა ეგაძე, მაგრამ კარიერის პირველ მნიშვნელოვან შედეგამდე ნაბიჯი დააკლდა.

ნიკა ეგაძემ, რომელმაც მოკლე პროგრამა მეორე შედეგით დაასრულა, თავისუფალ პროგრამაში 151.93 ქულით მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა. ქართველ მოციგურავეს საბოლოოდ 243.87 ქულა დაუგროვდა, ეს კი მეოთხე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. აღსანიშნავია, რომ ეგაძე კონტინენტის პირველობებზე მედალთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა.

საქართველოს წარმომადგენლებიდან თავისუფალ პროგრამაში იასპარეზა დიანა დევისის და გლებ სმოლკინის მოცეკვავეთა წყვილმა, რომელსაც 116.33 ქულით მერვე შედეგი ჰქონდა. ჩვენმა მოციგურავეებმა ასევე მერვე ადგილი დაიკავეს ორივე პროგრამის შედეგად დაგროვილი 190.15 ქულით.

საქართველოს ნაკრებმა ტალინის ევროპის ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა. ბრინჯაოს მედლით წარმატებას მიაღწია ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა. მეორე ადგილი დაიკავა ანასტასია გუბანოვამ.

2 თებერვალს, ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ტალინის „ტონდირაბას ყინულის არენა" გალა წარმოდგენისთვის მედალოსნებს დაეთმობათ.