ლუკა მაისურაძემ პარიზის გრან სლემზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა

პარიზის გრან სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი ერთი მედლით შეივსო. პრესტიჟული ტურნირის დასკვნით დღეს ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა ლუკა მაისურაძემ (90 კგ).
მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ბრინჯაოს მედალოსანი და ევროპული თამაშების მესამეადგილოსანი შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში წმინდა გამარჯვება მოიპოვა სენეგალელ რიან დაკოსტასთან. ორი ვაზარით გაიარა ფრანგი მაქს ლაბორდის ბარიერი, ნახევარფინალში კი იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონს, გოკი ტაჯიმას მოუგო ვაზარით და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში მაისურაძე კორეელ იონგჰუკ კიმთან იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა.
ტურნირის დასკვნით დღეს ტატამზე გავიდნენ სოფიო სომხიშვილი (+78 კგ), ზაურ დვალაშვილი (-81 კგ), კოტე კაპანაძე (-81 კგ), ნიკა ხარაზიშვილი (-90 კგ), ნიკოლოზ ზაალიშვილი (-100 კგ), საბა ინანეიშვილი (+100 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ), მაგრამ გარდა ინანეიშვილისა, ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ გრან სლემს. მედალთან ყველაზე ახლოს იყო სწორედ საბა ინანეიშვილი, მაგრამ ბრინჯაოს ფინალში იაპონელ იუტა ნაკამურასთან იპონით დამარცხდა.
გრან სლემის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ).