საქართველოს ნაკრებმა ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ასპარეზობა დაიწყო

დღეს ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გიგანტურ სლალომში იასპარეზეს სამთო -მოთხილამურეებმა: გიორგი ჯაფარიძემ, ირაკლი ხერგიანმა, იასონ ვეზდენმა და გოგა გულედანმა, ასევე ბიათლონში იასპარეზა შიო ქუჩუკიანმა.
პირველი დაშვებისას სტარტზე 90 მოთხილამურე გავიდა, მაგრამ მათ შორის 14-მა ტრასა ბოლომდე ვერ დაასრულა.
ჩვენი გუნდიდან საუკეთესო შედეგი ირაკლი ხერგიანს აღმოაჩნდა, რომელმაც ფინიშის ხაზი 52.98 წამში გადაკვეთა და პირველი ცდის შედეგად 48-ე ადგილზე გავიდა. შესაბამისად 64-ე და 65-ე ადგილზე გავიდნენ გიორგი ჯაფარიძე (55.16) და იასონ ვეზდენი (55.67), გოგა გულედანს კი პირველი დაშვებით 70-ე მაჩვენებელი (56.53) ჰქონდა.
მეორე ცდაზე, სადაც ასევე 14-მა მოთხილამურემ ტრასა ბოლომდე დაასრულა, უკეთ გამოვიდა ირაკლი ხერგიანი - პირველი დაშვებისგან განსხვავებით ნაკლები დრო მოანდომა ტრასის გავლას - 52.06 წამში 41-ე ადგილზე გავიდა, ორივე დაშვების შედეგად კი საბოლოოდ 43-ე ადგილი ერგო.
შედარებით უკეთ ისრიალეს იასონ ვეზდენმა (54.56) და გიორგი ჯაფარიძემ (54.79), რომლებსაც მეორე ცდაზე შესაბამისად 54-ე და 55-ე შედეგები ჰქონდათ, ორივე დაშვების შედეგად კი გიორგი ჯაფარიძემ და იასონ ვეზდენმა ადგილები გაცვალეს.
11-საფეხურიანი წინსვლა ჰქონდა გოგა გულედანს (55.98), რომელმაც 59-ე ადგილი დაიკავა. ორი ცდის ჯამში კი 59-ე ადგილზე გავიდა.
ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზა ბიათლონისტმა შიო ქუჩუკიანმა.12,5 კილომეტრზე ინდივიდუალური რბოლაში 1:03:49.9 შედეგით 64-ე ადგილზე გავიდა. ქართველი ბიათლონისტი უკეთესი შედეგის მიღწევას 14 თებერვალს 7,5 კილომეტრზე სპრინტში შეეცდება.
11 თებერვალს სტარტზე გავლენ ანასტასია მირიანაშვილი და ნელი უსტიმენკო. საქართველოს ნაკრების წარმომადგენლები ასევე გიგანტურ სლალომში იასპარეზებენ.
საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიათლონი) 8 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.