ანასტასია მირიანაშვილმა და ნელი უსტიმენკომ ასპარეზობა ორმოცდაათეულში დაასრულეს

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის-ბაკურიანი-2025-ის მეორე საშეჯიბრო დღეს სარბიელზე გავიდნენ საქართველოს სამთო მოთხილამურე გოგონათა ნაკრების წევრები - ანასტასია მირიანაშვილი და ნელი უსტიმენკო, რომლებმაც გიგანტურ სლალომში იასპარეზეს.
პირველი დაშვებისას სტარტზე 75 სპორტსმენი გავიდა, მათ შორის 11-მა ასპარეზობა ვერ დაასრულა. ნელი უსტიმენკომ 1:03.56 წუთში გადაკვეთა ფინიშის ხაზი და მე-60 შედეგი ჰქონდა. 1:07.76 წუთით 63 ადგილი დაიკავა ანასტასია მირიანაშვილმა.
მეორე ცდაზე, რომელსაც 13 მოთხილამურე უშედეგოდ გამოეთიშა, ნელი უსტიმენკოს 48-ე შედეგი (1:03.73) ჰქონდა, მირიანაშვილს (1:06.57) - 50-ე. ორივე დაშვების შედეგების გათვალისწინებით, უსტიმენკომ 47-ე ადგილით დაასრულა გამოსვლა, მირიანაშვილი კი 50-ე ადგილზე გავიდა.
12 თებერვალს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ასპარეზობას შეუდგებიან მოციგურავეები, სადაც საქართველოდან მოკლე პროგრამით წარდგება ინგა გურგენიძე.