სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეას დაესწრო

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში დასრულდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 54-ე გენერალური ასამბლეა, რომელსაც საქართველოდან ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, „ბაკურიანი 2025-ის" საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური და ,,ბაკურიანი 2025"-ის სხვა ხელმძღვანელი პირები.
ასამბლეა გახსნა გერმანიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ვეიკერტმა.
დელეგატებს სიტყვით მიმართეს სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა და ეოკ-ის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა.
54- ე გენერალურ ასამბლეაზე მომდევნო 4 წლის ვადით ერთხმად დაუჭირეს მხარი ეოკ-ის მოქმედი პრეზიდენტის სპიროს კაპრალოსის კანდიდატურას. ვიცე-პრეზიდენტად კვლავ აირჩიეს დაინა გუდზივენიჩუტე , გენერალურ მდივნად - კარლო მორნატი, ფინანსურ მენეჯერად - პიტერ მენელი.
გარდა ამისა, აირჩიეს ეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის 12 წევრი, რომელთაგან ნახევარი ახალი წევრია. ახლადარჩეულ აღმასრულებელ კომიტეტში 6 ქალი და 6 მამაკაცია.
ეოკ-ის ხელახლა არჩეულმა პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა წარმოადგინა ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც მოიცავდა ევროპაში ოლიმპიური მოძრაობის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვან საკითხებს.
გენერალურ ასამბლეაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, რომელიც მოიცავდა როგორც მომავალი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაციებს, ასევე უკვე გამართული ოლიმპიური შეჯიბრებების შესახებ ინფორმაციას. კერძოდ, ზამთრის ოლიმპიური თამაშების შესახებ, რომელსაც იტალია 2026 წელს უმასპინძლებს. ასევე მოისმინეს ანგარიში ,,პარიზი 2024'' ის შესახებ.
54 -ე გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა ოფიციალურ დოკუმენტს 2027 წლის მეოთხე ევროპული თამაშების მასპინძელ ქალაქად თურქეთის ქალაქი სტამბოლის დამტკიცების თაობაზე. ასამბლეაზე მოისმინეს ინფორმაცია მოახლოებული ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ, რომელსაც 2025 წლის ივლისში მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე უმასპინძლებს.
გენერალურ ასამბლეაზე დეტალური ანგარიში წარადგინეს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის-ბაკურიანი 2025 -ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ მამუკა ხაბარელმა და თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ დარჩიაშვილმა. ასამბლეაზე აღინიშნა, რომ საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა ამ მნიშვნელოვან სპორტულ ფორუმს.