ახალგაზრდა ტყვიის მსროლელებმა საქართველოს ჰიმნი ორჯერ ააჟღერეს

05 მარტი 2025

ოსიეკის (ხორვატია) ტყვიის მსროლელთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ორჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი - 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში  გუნდური (ტრიო) ჩემპიონობა მოიპოვეს გოგონათა და ვაჟთა ნაკრებებმა.

პირველად წარმატებას მიაღწია გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას სამეულმა, რომელმაც ყველა ეტაპზე სტაბილურად იასპარეზა და ოქროს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინას 16-6 მოუგო.

ვაჟებს მხარი აუბა მარიამ ფროდიაშვილის, მარიამ აბრამიშვილის და მარიამ მარშავას სამეულმაც, რომელმაც ისევე როგორც ორი დღის წინ, გუნდური ჩათვლაში გამოსვლისას,  გუნდურის (ტრიო) საკვალიფიკაციოზეც ევროპის ახალგაზრდული რეკორდი (567 ქ) დაამყარა, ფინალში კი თურქეთთან დაძაბულ შეხვედრაში 16-12 გაიმარჯვა და შარშანდელი ვერცხლის მედლის შემდეგ, ჩემპიონობა იზეიმა.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს გოგონათა სამეული გუნდურ ჩათვლაში გახდა ჩემპიონი, პირად პირველობაში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ აბრამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შარშან ჩვენმა ახალგაზრდებმა ამავე რანგის შეჯიბრებაზე 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.