მარიამ აბრამიშვილმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ოქროს მედლით დახურა

ტყვიის სროლაში ოსიეკის (ხორვატია) ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მონაგარი მეოთხე ოქროს მედლით შეივსო. ამჯერად წარმატება მიღწეულია სოლო-ტურნირში 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტით სროლაში - მარიამ აბრამიშვილმა ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით დღეს დაძაბულ ფინალში 15:14 დაამარცხა ნეიტრალური გუნდის (ბელარუსი) წარმომადგენელი ალიქსანდრა პიატროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია, რომ აბრამიშვილისთვის ეს მესამე უმაღლესი სინჯის მედალია, მთლიანობაში კი ოსიეკის სასროლეთში მოპოვებული მეოთხე ჯილდო. კერძოდ, აბრამიშვილმა გაიმარჯვა გუნდურ ჩათვლაში, ტრიო-გუნდურში და უკვე სოლოშიც, პირად პირველობაში კი მის ანგარიშზე ბრინჯაოს მედალია.
სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩნენ მარიამ მარშავა და მარიამ ფროდიაშვილი. მათ, შესაბამისად, მე-7 და მე-20 ადგილები დაიკავეს.
ვაჟთა სოლო ტურნირი იოანე ხვარეშიამ მე-7 ადგილით დაასრულა ასპარეზობა, შოთა სუმბაძემ - მე-9 ადგილით, ხოლო გიორგი მუმლაძე 26-ე ადგილზე გავიდა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოსიეკის ევროპის ჩემპიონატი 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მედლების რაოდენობით და ხარისხით პირველი ადგილი დაიკავა. ეს შედეგი მეტყველებს, რომ სპორტის ამ სახეობაში მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს.