გიორგი ჯაბნიაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ავსტრიის გრან პრი მოიგეს

10 მარტი 2025

ძიუდოში ავსტრიის გრან პრის დასკვნით დღეს მედლები გათამაშდა სამ - 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში, აქედან ორში მედლები მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა.

ორმაგად შედეგიანი გამოდგა -90 კილოგრამ წონითი კატეგორია, სადაც ერთმანეთის პარალელურად ფინალისკენ მიიწევდნენ ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიო ჩემპიონატების სამი ოქროს და ერთი ვერცხლის, ასევე ევროპის ჩემპიონატების სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი და გიორგი ჯაბნიაშვილი.

გრიგალაშვილმა, რომელმაც ამჯერად ძალები -90 კგ წონაში მოსინჯა, ფინალამდე ფრანგი, იაპონელი, ავსტრიელი და სერბი მეტოქეები დაამარცხა, ჯაბნიაშვილმა - სერბი, უკრაინელი, იაპონელი და ბრაზილიელი მოწინააღმდეგეები, ფინალურ შეხვედრაში ტატო გრიგალაშვილმა ტრავმის გამო ასპარეზობა ვერ შეძლო, ოქროს მედლის მფლობელი გიორგი ჯაბნიაშვილი გახდა, ტატო გრიგალაშვილმა კი ვერცხლის მედალი მიიღო.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მიღებული დისკვალიფიკაციის შემდეგ, ტატამს დაუბრუნდა გურამ თუშიშვილი. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიო ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელი და ევროპის ჩემპიონატების ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალოსანი, ასევე ევროპული თამაშების ჩემპიონი ტურნირში მერვედფინალიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში 8 წამში მოუგო ავსტრიის სახელით მოასპარეზე მოვლი ბორჩაშვილს, შემდეგ კვიპროსელ და უკრაინელ მეტოქეებს აჯობა, ფინალში კი იუკოთი დაამარცხა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ჩეხი ლუკას კრპალეკი.

საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედლით კაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, კაცთა და ქალთა ჩათვლაში კი - მეორე ადგილი.