მწვრთნელთა გადამზადების საერთაშორისო პროგრამა

13 იანვარი 2025

მწვრთნელთა გადამზადების საერთაშორისო პროგრამებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ICECP (international coaching enrichment certification program), რომელიც ამერიკის ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტების, ოლიმპიური სოლიდარობის და დელავერის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ტარდება. 

პროგრამა განკუთვნილია მწვრთნელებისთვის, რომელთაც აქვთ გამოცდილება და სურთ თავიანთი ცოდნის გაღრმავება. იგი მოიცავს სხვადასხვა თემატიკას, როგორებიცაა: სპორტული ბიომექანიკა, სპორტული ფსიქოლოგია, ნუტრიციოლოგია და სხვა. 

პროგრამის მონაწილეები გადიან სასწავლო მოდულებს დელავერის უნივერსიტეტში, ასევე ამერიკის ოლიმპიურ საწვრთნელ ცენტრში, სადაც მათ აქვთ პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. საბოლოოდ, თითოეული მონაწილე ქმნის და ახორციელებს სამწვრთნელო პროექტს საკუთარ ქვეყანაში. პროგრამის დასასრულს პროექტი უნდა წარედგინოს საერთაშორისო ექსპერტებს.

12 იანვარს , სეოკ-ში სწორედ ამ ინდივიდუალური პროექტის ფარგლებში ცურვის მწვრთნელმა  გვანცა ქიქავამ, რომელიც აღნიშნულ პროგრამაში საქართველოდან სეოკ-ის წარდგინებით და  სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის დაფინანსებით იღებდა  მონაწილეობას,  ცურვის მწვრთნელებს წარუდგინა პრეზენტაცია, გააცნო ამერიკული სწავლების მოდელი,  გაუზიარა ამერიკაში სწავლისას მიღებული გამოცდილება. სემინარზე განხილული იყო: სპორტული ნუტრიციოლოგია, სპორტის ფსიქოლოგია, სპორტსმენის მენტალური ჯანმრთელობა და სპორტული ბიომექანიკა. ეს ცოდნა ხელს შეუწყობს ახალგაზრდა სპორტსმენების უკეთეს მომზადებას და მათ წარმატებას.