საქართველოს 23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

ტირანაში (ალბანეთი), სადაც 23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობდნენ, საქართველოს ნაკრები ათივე წონაში იყო წარმოდგენილი, აქედან ჩვენმა ექვსმა სპორტსმენმა მედალი მოიპოვა. ორჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.
საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ) და ანრი ხოზრევანიძე (67 კგ).
ხაჩიძემ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელს დამაჯერებლად - 9-0 მოუგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ფინალში უძლიერესი იყო ხოზრევანიძეც, რომელმაც 3-1 დაამარცხა ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელი.
საქართველოს გუნდი ახლოს იყო მესამე ოქროს მედალთანაც, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში კობა ქარუმიძემ (55 კგ) ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელთან, ალიბეკ ამიროვთან 0-8 წააგო და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე დარჩა.
შედეგიანად იასპარეზეს რომეო ბერიძემ (63 კგ), ლუკა გაბისონიამ (97 კგ) და საბა ჩილაშვილმა (130 კგ). ქართველმა ფალავნებმა ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 133 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა.
ნაკლებ შედეგიანად გამოიყურება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მონაგარი. ახალგაზრდა ფალავნებმა წარმატებით მხოლოდ ორ წონაში იასპარეზეს. ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ნიკა ზანგალაძეს (57 კგ), რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში ნეიტრალურ ათლეტ ლევ პავლოვთან 1-6 დამარცხდა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა ჩხიტუნიძემ (74 კგ).