თომას ბახი IOC-ის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 144-ე სესიაზე, რომელსაც საბერძნეთის ოლიმპია მასპინძლობს, თომას ბახი IOC-ის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. შესაბამისი წინადადებით გამოვიდა IOC-ის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლ ჰავერცი. ვიცე-პრეზიდენტის წინადადებას და შემდგომ გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით დაუჭირეს მხარი.
ბახი ახალ სტატუს მიიღებს 2025 წლის 24 ივნისს, როდესაც IOC-ის პრეზიდენტის პოსტზე მისი უფლებამოსილება დასრულდება.
ბახი IOC-ის წევრად აირჩიეს 1991 წელს, 1996 წელს კი შევიდა ამ ორგანიზაციის აღმასკომში. გერმანელი ოლიმპიური ჩემპიონი, შემდგომში კი წარმატებული ოლიმპიური მოღვაწე, IOC-ის მეცხრე პრეზიდენტად 2013 წლის 10 სექტემბერს აირჩიეს, 2021 წლის 10 მარტს კი ხელახალი ოთხწლიანი ვადით გააგრძელა საქმიანობა პრეზიდენტის პოსტზე. ბახმა 2024 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ თანამდებობაზე ახალი ვადით კენჭს არ იყრის.