ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში კრივი ოფიციალურად შეიტანეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 144-ე სესიამ, რომელსაც ოლიმპია (საბერძნეთი) მასპინძლობს, მოკრივეთათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში წარმოდგენილი იქნება კრივი.
ოლიმპიურ პროგრამაში კრივის შეტანას IOC-ის სესიის დელეგატთა ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდა. ოლიმპიური შეჯიბრებები ჩატარდება IOC-ის მიერ აღიარებული მსოფლიო კრივის (World Boxing) ეგიდით. World Boxing-ი, როგორც კრივის საერთაშორისო ასოციაციის-IBA-ს ალტერნატივა, 2023 წელს შეიქმნა და უკვე მსოფლიოს 88 ქვეყნის ეროვნულ ფედერაციას აერთიანებს.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა IBA-ს უფლებამოსილება 2019 წელს შეუჩერა მმართველობასთან, ფინანსებთან, მსაჯობასთან და დოპინგთან დაკავშირებული სადავო და საეჭვო შემთხვევების გამო.
ტოკიოს ოლიმპიურ რინგზე მოკრივეთა ასპარეზობებს IOC-ის სპეციალური კომისია ხელმძღვანელობდა. ასე იყო პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც.