თომას ბახი აცხადებს, რომ IOC-ის ახალი პრეზიდენტის საქმიანობაში არ ჩაერევა

20 მარტი 2025

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მეცხრე პრეზიდენტი თომას ბახი აცხადებს, რომ IOC-ის ახალი პრეზიდენტის საქმიანობაში, თუ ის რჩევას არ სთხოვს, არ ჩაერევა.

71 წლის ბახი უფლებამოსილებას დაასრულებს 2025 წლის 23 ივნისს, რის შემდეგაც გახდება IOC-ის საპატიო პრეზიდენტი (სამუდამო).

"თუ ახალი პრეზიდენტი რჩევას ან დახმარებას მთხოვს, შეუძლია დამირეკოს, თუნდაც შუაღამე იყოს, - აცხადებს ბახი, - არ ვიცი, მართლა შევძლებ თუ არა ვუპასუხო ზარს, რადგან ძილისთვის განკუთვნილ რვა საათს მეტად ვაფასებ, მაგრამ მზად ვიქნები, დავეხმარო ნებისმიერ დროს. თუ არ მთხოვს, ჩემი რჩევებით არ ჩავერევი. თქვენს დღევანდელ არჩევანს მივიღებ როგორც პატივს, რადგან ცხოვრებაში არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები. ამ რაღაცებს შორის არის მეგობრობა."

სიტყვით გამოსვლისას თომას ბახს ცრემლი წასკდა. "ბევრი მეუბნება - მადლობა იმისთვის, თუ როგორ შესწირეთ თავი დიდ საქმეს ამ 12 წლის განმავლობაში. მინდა ვუთხრა მათ: ბედნიერი ვარ, რომ სპორტული კარიერის შემდეგ ოლიმპიური მოძრაობის კეთილდღეობისთვის მუშაობა შევძელი. თავის დროზე მოპოვებულმა ოლიმპიურმა ოქროს მედალმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. ამ ოფისში გამიჩნდა შესაძლებლობა დავხმარებოდი სხვებს, შეეცვალათ საკუთარი ცხოვრება. ცრემლები მდის, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მქონდა ასეთი შესაძლებლობა. ბედნიერი ვარ, რომ ოლიმპიური მოძრაობისთვის ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო.

ახალი ლიდერის დრო დადგა. ახლა თქვენ აირჩევთ მას, ვინც გაუძღვება ოლიმპიურ მოძრაობას უფრო კაშკაშა მომავლისკენ. სპორტში დღევანდელი მიღწევები შეიძლება იყოს ბაზა მომავლის წარმატებებისთვის. ყველას წარმატებას გისურვებთ ამ გზაზე," - განაცხადა IOC-ის მეცხრე პრეზიდენტმა თომას ბახმა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მეათე პრეზიდენტს დღეს აირჩევენ.