კირსტი ქოვენთრი IOC-ის მეათე პრეზიდენტად აირჩიეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 144-ე სესიაზე, IOC-ის მეათე პრეზიდენტი აირჩიეს - შემდგომი რვაწლიანი ვადით მსოფლიოს მთავარ სპორტულ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს ცურვაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ზიმბაბველი კირსტი ქოვენთრი. აღსანიშნავია, რომ ქოვენთრი IOC-ის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.
„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად არჩევით აღფრთოვანებული ვარ. ჩემთვის ეს დიდი პატივია. მინდა ჩემს კოლეგა წევრებს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის.
ახალგაზრდა გოგო, რომელმაც წლების წინ დაიწყო ცურვა ზიმბაბვეში, ასეთ რამეს ვერ წარმოიდგენდა. სრულიად ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას, როგორც მისაბაძ მაგალითს.
განსაკუთრებით ვამაყობ იმით, რომ ვარ IOC-ის პირველი ქალი პრეზიდენტი, ასევე პირველი პრეზიდენტი აფრიკიდან. იმედი მაქვს, ეს არჩევნები ბევრი ადამიანისთვის გახდება შთაგონების წყარო.
სპორტს გააჩნია გაერთიანების, შთაგონების, შესაძლებლობების წარმოუდგენელი ძალა. ვისწრაფვი იმისკენ, რომ ეს ძალა სრულად გამოვიყენოთ.
სრულიად ოლიმპიურ ოჯახთან ერთად, მათ შორის ჩვენს სპორტსმენებთან, გულშემატკივრებთან და სპონსორებთან ერთად, მყარ საძირკველზე შევუდგებით სიახლეების მშენებლობას, დავიცავთ მეგობრობის, პატივისცემის ღირებულებებს. ოლიმპიური მოძრაობის მომავალი ნათელია და მოუთმენლად ველი დასაწყისს!"
არჩევნების შემდეგ IOC-ის მეცხრე პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა: "მეათე პრეზიდენტად არჩევას ვულოცავ კირსტი ქოვენთრის. გულითადად მივესალმები IOC-ის წევრთა გადაწყვეტილებას და ველი მჭიდრო თანამშრომლობას, განსაკუთრებით კი - გარდამავალ პერიოდში. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ოლიმპიური მოძრაობის მომავალი ნათელია და ის ღირებულებები, რომელსაც ვიცავდით, კვლავაც მეგზურობას გაგვიწევს შემდგომ წლებში".
ოფიციალურად, თომას ბახის 12-წლიანი მმართველობა დასრულდება 2025 წლის 23 ივნისს. იმავე დღეს პრეზიდენტის სავარძელს ჩაიბარებს კირსტი ქოვენთრი.
კირსტი ქოვენთრი, რომელმაც პრეზიდენტის მანდატი კენჭისყრის პირველივე ტურში ხმათა უმრავლესობით მოიპოვა, მეტოქეებად ჰყავდა მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი, ბრიტანელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სებასტიან კოე, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, იაპონელი მორინარი ვატანაბე, ველოსპორტის საერთაშორისო კავშირის (UCI) ხელმძღვანელი და საფრანგეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი დავიდ ლაპარტიენი, თხილამურობისა და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) პრეზიდენტი, შვედი იოჰან ელიაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ესპანელი ხუან ანტონიო სამარანჩი-უმცროსი და IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი - იორდანიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ფეისალ ალ-ჰუსეინი.
კენჭისყრაში IOC-ის 97 წევრი მონაწილეობდა. კირსტი ქოვენთრიმ 49 ხმა მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა ხუან ანტონიო სამარანჩმა - 28, მესამე შედეგი ჰქონდა სებასტიან კოეს - 8 ხმა.