ეთერ ლიპარტელიანმა თბილისის გრანდ სლემი მოიგო, თემურ ნოზაძე და ნინო ლოლაძე ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ

21 მარტი 2025

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ვაჟთა ნაკრები, როგორც მასპინძელი, თითოეულ წონაში ოთხ-ოთხი ძიუდოისტით წარდგა, ქალთა ნაკრები - ათი ძიუდოისტით. პირველ დღეს მედლები მოიპოვეს როგორც ვაჟებმა, ისე ქალებმა.

საუკეთესო შედეგს მიაღწია ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ). ლიპარტელიანი ასპარეზში მერვედფინალიდან ჩაება. მოუგო ბრაზილიელ, გერმანელ და სერბ მოწინააღმდეგეებს, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ფრანგი მარტა ფავაზი ორი ვაზარით და შესაბამისად იპონით დაამარცხა და ზედიზედ მეორე თბილისური გრანდ სლემიც მოიგო.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა ნინო ლოლაძემ, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანელ პაულინ სტარკთან წმინდა გამარჯვება მოიპოვა.

ფინალამდე გაიკვალა გზა თემურ ნოზაძემ. მოუგო ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელს, შემდეგ ლიეტუველ მოწინააღმდეგეს და ნეიტრალურ ათლეტს. ნახევარფინალში თანაგუნდელ ლაშა ნადირაძესთანაც მოუწია ორთაბრძოლა და იპონით გავიდა ფინალში, მაგრამ სამწუხაროდ, ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელ აბრეკ ნაგუჩევთან იპონით დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

- 60 და -66 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებულები სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ვიცე-პრეზიდენტმა ანზორ ჩუბინიძემ დააჯილდოვეს.