ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ირაკლი ბეროშვილმა და ზაურ დვალაშვილმა

22 მარტი 2025

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის თბილისის გრანდ სლემის მეორე დღეც შედეგიანი გამოდგა. კვლავაც აჟღერდა საქართველოს ჰიმნი. მონაგარი გაიზარდა ბრინჯაოს მედლებითაც.

საქართველოს ნაკრებიდან ყველა შეხვედრა მოიგო ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ). ნაკრების ყველაზე გამოცდილმა წევრმა პირველი შეხვედრა გამოტოვა. შემდეგ მოუგო რუმინელ, აზერბაიჯანელ და ავსტრიელ მეტოქეებს. ნახევარფინალში პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, ფრანგი გაბა ჟუან ბენჟამინი ოქროს ქულამდე გაგრძელებულ შეხვედრაში იპონით დაამარცხა. ასევე ოქროს ქულამდე მივიდა საქმე ფინალშიც, სადაც ქართველმა ძიუდოისტმა იუკოთი მოუგო ნეიტრალურ ათლეტ არმენ აგაიანს და მესამედ გახდა თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული.

საქართველოს ნაკრებისთვის ორმაგად შედეგიან გამოდგა -81 კილოგრამ წონითი კატეგორია. ირაკლი ბეროშვილმა და ზაურ დვალაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ბეროშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კანადელი ფრანსუა გრატე ოქროს ქულამდე მისულ შეხვედრაში იუკოთი დაამარცხა, დვალაშვილმა კი 24 წამში ეფექტური გდებით წმინდა გამარჯვება იზეიმა ფრანგ არნო არეგბასთან.