კირსტი ქოვენთრი: „IOC სპორტში ქალთა უფლებებს დაიცავს"

22 მარტი 2025

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ახლად არჩეული პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის განცხადებით, IOC დაიცავს ქალთა უფლებებს სპორტში, ქალთა ასპარეზობებში ტრანსგენდერთა მონაწილეობის საკითხთან მიმართებით უმთავრეს სპორტულ ორგანიზაციას მართებს გამოავლინოს მეტი ინიციატივა.

„სპორტში ქალთა უფლებებს დავიცავთ. მინდა, რომ ამ საკითხთან მიმართებით IOC მეტ ლიდერობას იჩენდეს. საკითხს საერთაშორისო ფედერაციებთან განვიხილავთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბევრად ერთიანი პოზიცია გვქონდეს.

ბევრი გამოწვევა გვაქვს, რომლის გადაჭრაც მოგვიწევს და ჩვენ მათ ერთად გადავჭრით. ქალთა უფლებების განსახილველად შევქმნით სამუშაო ჯგუფს. მასში შევლენ საერთაშორისო ფედერაციები. ერთიან გადაწყვეტამდე უნდა მივიდეთ," - განაცხადა კირსტი ქოვენთრიმ.

IOC-ის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ორგანიზაციის 144-ე სესიაზე. ქოვენთრი გახდა IOC-ის მეათე პრეზიდენტი და პირველი ქალი, რომელიც უმთავრეს სპორტულ ორგანიზაციას ჩაუდგება სათავეში.