საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემი გუნდური მეორე ადგილით დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან სლემის დასკვნით დღეს სამი მედლით გაზარდა საკუთარი მონაგარი.
დისკვალიფიკაციის შემდეგ ტატამს დაბრუნებულმა მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა მისთვის ზედიზედ მეორე ტურნირზე შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიო ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელი და ევროპის ჩემპიონატების ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალოსანი, ასევე ევროპული თამაშების ჩემპიონი ტურნირში მერვედფინალიდან ჩაება. მოუგო ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელს, შემდეგ კვიპროსელ და მონღოლ მეტოქეებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში იუკოთი დამარცხდა ნეიტრალურ ათლეტ ინალ ტასოევთან და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.
მძიმე წონაში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა ირაკლი დემეტრაშვილი, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უზბეკ მეტოქესთან შეხვედრაში წმინდა გამარჯვება მოიპოვა.
ასევე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) - გადამწყვეტ შეხვედრაში სლოვაკი პეტერ ზილკა იუკოთი დაამარცხა.
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედლით გუნდური მეორე ადგილი დაიკავა. თითო ოქროს და ბრინჯაოს მედლით ასევე მეორეზე გავიდა ქალთა გუნდიც.
საქართველოს ნაკრები ქალთა და კაცთა საერთო ჩათვლაშიც (2-2-5) მეორე საფეხურზე აღმოჩნდა.