ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

ფიგურულ ციგურაობაში ბოსტონის (აშშ) მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები სრული გუნდით არის წარმოდგენილი.
წლის უმთავრეს ასპარეზობაზე ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა, რომელმაც მსაჯებისგან მოკლე პროგრამაში მეოთხე საუკეთესო შეფასება (71.68) მიიღო. ქართული წყვილი თავისუფალ პროგრამაში 130.53-ქულიანი შეფასებით მეექვსე იყო, ორივე პროგრამის ჯამში კი მათმა მონაგარმა 202.21 ქულა შეადგინა, რამაც მათ საბოლოოდ მეოთხე ადგილი და ოლიმპიური საგზური მოუტანა.
კაცთა ერთეულებში წარმატებით გამოდის ნიკა ეგაძე. ჩვენმა სპორტსმენმა სავალდებულო, იგივე მოკლე პროგრამა უშეცდომოდ შეასრულა და მსოფლიოს საუკეთესო მოციგურავეებს შორის 90.39 ქულით მეექვსე შედეგი ჰქონდა. ნიკა ეგაძეს მორიგი გამოცდა შაბათს, თავისუფალი პროგრამაში ელოდება.
მოგვიანებით საქართველოს ნაკრებიდან ასპარეზობას შეუდგება დიანა დევისის და გლებ სმოლკინის სპორტული წყვილიც.
სამწუხაროდ, მსოფლიო ჩემპიონატზე უშედეგოდ იასპარეზა ანასტასია გუბანოვამ - მოკლე პროგრამაში დაშვებული შეცდომების შედეგად, 28-ე ადგილზე გავიდა და თავისუფალი პროგრამისთვის კვალიფიკაცია ვერ გაიარა.
გუბანოვას ოლიმპიური საგზურისათვის ბრძოლა დამატებით საკვალიფიკაციო ტურნირზე მოუწევს, რომელიც სექტემბერში, პეკინში გაიმართება.