გივი მაჭარაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, აკაკი ქემერტელიძემ და ვლადიმერ გამყრელიძემ - ბრინჯაოს მედლები

ბრატისლავაში (სლოვაკეთი), თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველო ათივე წონით კატეგორიაშია წარმოდგენილი, მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა. შედეგიანი დღე ჰქონდა საქართველოს ნაკრებს, რომელმაც სამი მედალი მოიპოვა. აჟღერდა საქართველოს ჰიმნიც.
ჩვენი გუნდიდან საუკეთესო შედეგი ჰქონდა ევროპის ორგზის ჩემპიონს, ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანს, მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელ და პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსან გივი მაჭარაშვილს (97 კგ).
ქართველი ფალავანი ასპარეზში მეოთხედფინალიდან ჩაება. იოლი გამარჯვებები მოიპოვა პოლონელ (11-0) და უნგრელ (10-0) მეტოქეებთან, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ნეიტრალურ ათლეტ მაგომედ ყურბანოვს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 3-2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მაჭარაშვილმა ზედიზედ მესამედ იზეიმა ევროპის ჩემპიონობა.
შედეგიანი ასპარეზობა ჰქონდა აკაკი ქემერტელიძეს (70 კგ). ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანმა, ბრინჯაოს ფინალში უკრაინელ ოლექსი ბორუტას 6-2 მოუგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ). ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ესპანელი მოჰამად მონტაგინია 4-1 დაამარცხა.