ევროპის ჩემპიონატზე სოლომონ მანაშვილმა ვერცხლის, მირიან მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ქართველ მოჭიდავეთა მონაგარი ვერცხლის და ბრინჯაოს მედლით შეივსო.
საქართველოს ნაკრები ახლოს იყო ჩემპიონატი ოქროს მედლით დაეგვირგვინებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა - სოლომონ მანაშვილი (125 კგ) მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე (უფროსებში), ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილთან ბოლოს დაკარგული ქულებით (7-7) დამარცხდა.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მირიან მაისურაძემ (92 კგ). მსოფლიო ჩემპიონატების თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელ იაროსლაუ იუკუდსკის 5-0 მოუგო და ევროპის ჩემპიონატების ზედიზედ მეოთხე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ერთი დღით ადრე ჩემპიონობა იზეიმა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ). ბრინჯაოს მედლები ერგოთ აკაკი ქემერტელიძეს (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძეს (79 კგ).
შედეგად, საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროს და ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში 114 ქულა დააგროვა და ისევე როგორც შარშან, მეორე ადგილი დაიკავა.