გენო პეტრიაშვილის მძიმე ბრინჯაო

21 მარტი 2013

21 მარტს, გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში გულშემატკივრების წინაშე ორი ქართველი სპორტსმენი წარსდგა. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნაკრების გამოცდილი წევრი, ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილე დავით ხუციშვილმა იასპარეზა და სამწუხაროდ ხელი მოეცარა, არადა მედლის მოპოვების ერთ-ერთ პრეტენდენტად მივიჩნევდით. სტარტზე ხუციშვილი ავსტრიელ მეტოქეს იოლად გაუსწორდა, თუმცა რუს ანიუარ გუდაევთან ვეღარაფერს გახდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ჩამოშორდა.

მძიმე წონაში დამაჯერებლად იასპარეზა 18 წლის გენო პეტრიაშვილმა. მან ბულგარელი და რუსი მოწინააღმდეგეები გზიდან ადვილად ჩამოიცილა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც უკრაინელ ალენ ზასიევთან წააგო. მესამე ადგილისთის პაექრობაში კი გერმანელი ნიკ მატუჰინი დაამარცხა და მკერდი ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა.