დავით მარსაგიშვილმა ევროპას მეორედ გადმოხედა

22 მარტი 2013

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მაჟორულ ნოტაზე დაამთავრეს. რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილთაგან, დღეს სპორტის სასახლეში, გულშემატკივრების წინაშე დავით მარსაგიშვილი (84კგ) წარსდგა და ჩემპიონის ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვა.

ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი საწყის ეტაპზე ავსტრიელ დომინიკ Kლაუს პეტერს დაუპირისპირდა და თავბედიც აწყევლინა. მომდევნო შევედრაში რუმინელ ანდრეი ფრანტსაც ადვილად გაუმკლავდა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსეთის ნაკრების ტიტულიანი ფალავანი ანზორ ურიშევი ელოდა. მარსაგიშვილს მასთან ძველი ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი, რადგან 2011 წლის კონტინენტის პირველობის ფინალში სწორედ ურიშევთან დამარცხდა. ამჯერად ქართველმა ფალავანმა დამაჯერებელი რევანში აიღო და ფინალში გავიდა, სადაც სომხეთის გუნდის წარმომადგენლის მუსა მურთაზალიევის ძლევით ევროპის ჩემპიონის ტიტულს მეორედ დაეუფლა.

ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორ-ორი ოქრო და ბრინჯაო მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.