ლერი ხაბელოვი ბულგარეთის სპორტის მინისტრს შეხვდა

23 მარტი 2013

 

23 მარტს, სეოკ-ის ოფისში ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ბულგარეთის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მინისტრს პეტარ სტოიჩევს შეხვდა. სხვათა შორის პეტარ სტოიჩევი ცურვაში ოთხი ოლიმპიადის მონაწილეა და ორჯერ აქვს გადაცურული ლამანშის სრუტე. 2007 წელს მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

ნიშანდობლივია, რომ სტოიჩევი ამ თანამდებობაზე მხოლოდ 9 დღის დანიშნულია და მინისტრის რანგში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტიც სწორედ თბილისში შედგა.

მხარეებმა სპორტული კუთხით თანამშრომლობის შესახებ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. ბულგარეთის სპორტის მაღალჩინოსანმა განსაკუთრებული ყურადღება დოპინგის თემაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ ერთმანეთს ამ მიმართულებით დავეხმარებით, რადგან ბოლო პერიოდში ბულგარეთში ეს პრობლემა მწვავეა და არაერთი სპორტსმენი ამხილეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების თაობაზე, მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მათთან ერთად სპორტსმენების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაზე და ა.შ.

"მიხარია, რომ თქვენს ქვეყანასთან ვთანამშრომლობთ, რადგან საქართველოს მდიდარი სპორტული ტრადიციები აქვს. ჩემი მთავარი ამოცანა მაღალი მიღწევების სპორტში დოპინგთან წინააღმდეგ ბრძოლაა, რადგან ვთვლი, რომ ეს ყველას ვალია. ვფიქრობ, ანტიდოპინგური პრობლემები სახელმწიფოს დონეზე გადასაწყვეტია. მინდა ქართულ სპორტს და ოლიმპიურ მოძრაობას წარმატებები ვუსურვო"- აღნიშნა პეტარ სტოიჩევმა.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა ოლიმპიური მუზეუმი დაათვალიერეს.