რომი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლას გამოეთიშა

15 თებერვალი 2012

ლონდონის ოლიმპიური თამაშები სადაცაა კარს მოგვადგება, ცნობილია თუ სად ჩატარდება მომავალი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაც, რომელსაც რიო-დეჟანეირო უმასპინძლებს. რაც შეეხება კიდევ მომდევნო ანუ 2020 წლის თამაშებს ეს გაისად არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე გადაწყდება. რვა წლის შემდეგ გასამართი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლების მოსაპოვებლად აქამდე ექსვი ქალაქი აცხადებდა პრეტენზიას - ბაქო, დოჰა, მადრიდი, ტოკიო, სტამბული და რომი, თუმცა გაირკვა, რომ იტალიის დედაქალაქი ამ პრესტიჟული მისიისთვის ბრძოლად საკუთარი ნებით ეთიშება.

აღნიშნული გადაწყვეტილება იტალიის ახალმა მთავრობამ მიიღო, მას შემდეგ რაც ამას წინათ ქვეყნის ყოფილი პრემიერის სილვიო ბერლუსკონის კაბინეტი გადადგა. იტალიის ხელისუფლების განმარტებით სახელმწიფო ამჟამად მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდის და ასეთი მასშტაბური სპორტული ფორუმის მასპინძლობაზე ფიქრი რბილად, რომ ვთქვათ წინდაუხედავი ნაბიჯი იქნებოდა.

„წინაწარი შეფასებებით ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის 12 მილიარდ დოლარზე მეტია საჭირო, რისი გამოყოფის საშუალებაც ამ ეტაპზე არ გვაქვს. გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა, მაგრამ შევთანხმდით, რომ ფინანსური კრიზისის დაძლევისთვის ეს გამართლებული ნაბიჯია" - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო მონტიმ.

ბუნებრივია საკითხს იტალიის ოლიმპიური კომიტეტიც გამოეხმაურა: „ ფინანსების დაზოგვა აუცილებელია, მაგრამ გააჩნია რის ხარჯზე. ვფიქრობ ოლიმპიური თამაშები მომავლის ინვესტიციაა" - აღნიშნა იტალიის ეოკ-ის პრეზიდენტმა ჯანი პატრუციმ.