პეკინი-2022 და მილანი და კორტინა დ`ამპეცო-2026 აქტიურად ითანამშრომლებენ

16 იანვარი 2021

ჩინეთი და იტალია  პეკინის 2022 და მილანი და კორტინა დ'ამპეცოს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადისში ერთმანეთის მხარდამჭერები იქნებიან.

შესაბამის შეთანხმებას ხელი მოეწერა ჩინეთი-იტალიის სამთავრობო კომიტეტის მეათე სხდომისას. მხარეებმა რიგ სფეროში, მათ შორის სპორტში, გაღრმავებულ თანამშრომლობაზე მოილაპარაკეს.

პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, ოთხწლეულის უმთავრესი მულტისპორტული ღონისძიებისთვის მზადება გეგმისამებრ მიმდინარეობს. თამაშებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურული ობიექტების უდიდესი ნაწილი ექსპლოატაციაში ჩაბარებულია.

რაც შეეხება მილანი და კორტინა დ'ამპეცოს თამაშებს, მისი ორგანიზატორები ჯერ დაგეგმარების და ინვესტორებთან შეთანხმების გაფორმების ადრეულ საფეხურზე არიან. ჯერჯერობით, სამუშაოები დაწყებულია მილანში, ოლიმპიური სოფლის მოსაწყობად, ასევე დოლომიტებში - სონ დი პრადეს და ჩიანზოპე-ბაი დე დონეს სათხილამურო ზონებს შორის საბაგირო გზებზე.