თბილისის გრანდ სლემი ქართველებმა ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედლით დაიწყეს

26 მარტი 2021

სადებიუტო თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ვაჟთა ნაკრები, როგორც მასპინძელი გუნდი, 26  ძიუდოისტით არის წარმოდგენილი, ქალთა ნაკრები - 7 ძიუდოისტით.

თბილისური ტურნირის პირველ დღეს ქართველებმა ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. მასპინძელთაგან ყველაზე უკეთ გამოვიდა 23-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი თემურ ნოზაძე (60 კგ). მომავალი ჩემპიონი ტურნირში მეორე წრიდან ჩაება -  დაამარცხა ყაზახი, ესპანელი და მონღოლი მეტოქეები, ასევე -  ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი უზბეკ კემრან ნურილაევსაც მოუგო და სადებიუტო გრან სლემის პირველი გამარჯვებული გახდა.

ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა ვაჟა მარგველაშვილს (66 კგ). ევროპის ჩემპიონი, ევროპული თამაშების ბრინჯაოს და მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრებაში ასევე მეორე წრიდან ჩაება. მეორე და მესამე წრეში ყატარელი და ისრაელელი ძიუდოისტები დაამარცხა, მეოთხედფინალში და ნახევარფინალში, შესაბამისად, თანაგუნდელი - ბაგრატ ნინიაშვილი და მოლდაველი დენის ვიერუ, ფინალში კი უზბეკ სარდოკ ნურილაევთან 20 წამში იპონით დამარცხდა.

მედალი მოიპოვა საქართველოს ქალთა ნაკრებმაც. ასაკობრივ ნაკრებებში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ბრძოლაში მეორე წრიდან ჩაერთო. დაამარცხა ბრიტანელი, სამხრეთ აფრიკელი  ძიუდოისტები, ევროპული თამაშების ჩემპიონი, რუსი დარია მეჟეცკაია და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, კანადელი კრისტა დეგუჩი, მაგრამ ფინალი წააგო ევროპის ჩემპიონ და  არაერთგზის პრიზიორთან,  კოსოვოელ ნორა გიაკოვასთან.