სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შერაზ გასრის შეხვდა

12 ოქტომბერი 2023

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის და საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შერაზ გასრის შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური და საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში კამილ ნორა.

ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა დიპლომატებს სტუმრობისთვის, ისაუბრა ქართული ოლიმპიური მოძრაობის და ჩვენი სპორტსმენების ოლიმპიური მიღწევების, მოახლოებულ პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების შესახებ.

საფრანგეთის ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა სეოკ-ში სტუმრობით, მოისმინა ინფორმაცია ქართველ სპორტსმენთა ოლიმპიურ წარმატებებზე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საოლიმპიადო გეგმებზე. სტუმრებმა დაათვალიერეს ახალგახსნილი ოლიმპიური მუზეუმი. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სეოკ-ი და საფრანგეთის საელჩო პარიზის ოლიმპიადასთან დაკავშირებით განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს თბილისისა და რეგიონების სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით, ცნობილი სპორტსმენების მონაწილეობით.