გიორგი ჯაბნიაშვილმა აბუ დაბის გრან სლემზე მესამე ადგილი დაიკავა

26 ოქტომბერი 2023

აბუ დაბის გრან სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი ერთი მედალია - 20 წლის გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) მესამე ადგილი დაიკავა.

მომავალი პრიზიორი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. მოუგო პარაგვაელ და ამერიკელ მეტოქეებს, მაგრამ მეოთხედფინალში ვაზარით წააგო კორეელ მოწინააღმდეგესთან და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ბრძოლა. ჯაბნიაშვილმა რეპეშაჟში იპონით მოუგო აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ორი ვაზარით დაამარცხა ესტონელი კლენ კალიულადი და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

მედლამდე ნაბიჯი დააკლდა 22 წლის საბა იანანეიშვილს (+100 კგ), რომელმაც მეოთხედფინალში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ჩეხ ლუკას კრპალეკს იპონით მოუგო, თუმცა მერე  მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან, ინალ ტასოევთან (ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტი) დამარცხდა, ბოლოს კი რეპეშაჟის ფინალიც  დათმო და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა.

გრან სლემის პირველ დღეს ჩემპიონობა მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ).