პარიზი-2024-ის მშენებლობის 84 პროცენტი დასრულებულია

13 იანვარი 2024

პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 200 დღეზე ნაკლები რჩება. ოთხწლეულის უმთავრესი ასპარეზობის სტარტებამდე, პარიზის-2024-ის მასპინძლები ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მოწყობით არიან დაკავებული. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ მშენებლობებს, რომლებიც თავდაპირველ  გრაფიკს ჩამორჩებიან. ირკვევა, რომ დაგეგმილ 89 პროცენტთან შედარებით, ამ დროისთვის  სამუშაოების 84 პროცენტია შესრულებული.

„ფინიშის სწორზე ვართ, ახლა სპრინტის დროა," - ასე აფასებენ ვითარებას  პარიზის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები. ოფიციალური განცხადებების თანახმად, გრაფიკში მცირედი ჩამორჩენა მალე აღმოიფხვრება და საფრანგეთი მზად იქნება 26 ივლისიდან 10 მილიონზე მეტ სტუმარს უმასპინძლოს.

ასევე ცნობილია, რომ უკვე გაყიდულია ოლიმპიურ შეჯიბრებებზე დასასწრები 7,6 მილიონი ბილეთი. ბილეთების გარკვეული რაოდენობის შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.