ეთერ ლიპარტელიანმა თბილისის გრანდ სლემი მოიგო

22 მარტი 2024

ძიუდოს მსოფლიო კალენდარში თბილისის გრანდ სლემის ჯერიც დადგა. ამ მნიშვნელოვან ტურნირში 83 ქვეყნის 531 ძიუდოისტი მონაწილეობს. საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, თითოეულ წონაში ოთხ-ოთხი ძიუდოისტით არის წარმოდგენილი.

პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობას 16 ქართველი ძიუდოისტი შეუდგა, მაგრამ მედლამდე გზა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ეთერ ლიპარტელიანმა (- 57 კგ) გაიკვალა. საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა შესანიშნავი გამოსვლა ჩემპიონობით დააგვირგვინა.

ეთერ ლიპარტელიანი შეჯიბრს მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელი, ბელგიელი, სერბი და სლოვენიელი მეტოქეები და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. ლიპარტელიანს გადამწყვეტ შეხვედრაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს, მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელთან, კანადელ ჯესიკა კლიმკაიტთან მოუწია შეხვედრა. ქართველმა გამოცდილი კანადელი მეტოქე ვაზარით დაამარცხა და კარიერის პირველი გრანდ სლემი მოიგო. შესაბამისად, საოლიმპიადოდ მნიშვნელოვანი სალიცენზიო ქულებიც მოიპოვა.

და კიდევ, ტატამიდან გამოსვლისთანავე ეთერ ლიპარტელიანს ხელის სთხოვა ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ, რაზეც თანხმობა მიიღო. ასე რომ, უკვე თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონს ვულოცავთ ოჯახის შექმნას.