სეოკ-ის საანგარიშო სესია

22 დეკემბერი 2017

22 დეკემბერს სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია, რომელსაც ხმის უფლების მქონე 133 დელეგატიდან 107 დელეგატი დაესწრო. სესიის დელეგატთა შორის იყვნენ საქართველოს ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების, სეოკ-ის წევრი სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები. სესიას ესწრებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, უკრაინის ეოკ-ის პრეზიდენტი სერგეი ბუბკა, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სხვა საპატიო სტუმრები.

სესიის დღის წესრიგისა და რეგლამენტის დამტკიცების შემდეგ, დელეგატებმა პატივი მიაგეს 2017 წელს გარდაცვლილ სპორტის მუშაკთა და სპორტსმენთა ხსოვნას.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა კულტურისა და სპორტის მინისტრად დანიშვნა მიულოცა მიხეილ გიორგაძეს, არჩევნებში გამარჯვება კი - ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების ახალარჩეულ ხელმძღვანელებს.

სხდომის თანაწამყვანმა, სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა სესიის დელეგატებს შეახსენა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლერი ხაბელოვის ოლიმპიური ორდენით დაჯილდოების შესახებ. მან ასევე განმარტა, რომ სოკ-ის წესების თანახმად, ორდენის ადრესატისთვის გადაცემაზე უფლებამოსილნი არიან მხოლოდ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები და სწორედ ამ საპატიო მისიის შესასრულებლად გვეწვია სოკ-ის აღმასკომის წევრი სერგეი ბუბკა.

ბუბკამ ოლიმპიური ორდენი გადასცა და საერთაშორისო აღიარება მიულოცა ლერი ხაბელოვს. სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა გაიხსენა ხაბელოვის სპორტული მიღწევები, ისაუბრა საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში მისი დამსახურების შესახებ.

შემდეგ გაიმართა ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის, ძალოსნობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის  და რეკორდსმენის, რიოს ოლიმპიადის ჩემპიონის ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია. ლაშას  სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო გადასცა ლერი ხაბელოვმა.

ასევე აღინიშნა ძალოსან ანასტასია გოტფრიდის, მოჭიდავეების - ზურაბ იაკობიშვილისა და გენო პეტრიაშვილის გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩვენი სხვა სპორტსმენების, მათ შორის - ძიუდოისტების, მოფარიკავეების, მოკრივეების კანოისტების  მიერ მიღწეული წარმატებები.

სპორტში ქალთა წარმოჩენის საქმეში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა  მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ბატუტზე ხტომაში, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი  რუსუდან ხოფერია.

ქართულ სპორტსა და ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის ოლიმპიური მედლებით დაჯილდოვდნენ ნელი სალაძე, რევაზ რობაქიძე და ედიშერ მაჩაიძე.

2017 წელს ჩატარებული მუშაობის, წლის სპორტული მიღწევების და სამომავლო გეგმების  შესახებ მოხსენებით გამოვიდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.  „ბოლო დროს დამკვიდრებული წესის მიხედვით, სესიის დელეგატებს კრებულის სახით დაურიგდათ ანგარიში, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი სეოკ-ის მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები. ამჯერად მხოლოდ რამდენიმე მთავარ მომენტზე  გავამახვილებ დამსწრე საზოგადოების ყურადღებას,"  აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

მომხსენებელმა ისაუბრა სეოკ-ის მიერ განხორციელებულ ოლიმპიურ პროექტებზე, 2017 წლის მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრებებზე და ქართველი სპორტსმენების წარმატებებზე.

„პირველ რიგში, მინდა სპორტულ საზოგადოებას, ჩვენს გულშემატკივრებს, მთელს ქვეყანას მივულოცო წარმატებული სპორტული წელი. ასაკობრივ და მოზრდილთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩვენ 150-ზე მეტი მედალი მოვიპოვეთ. ვულოცავ შესაბამის სპორტულ ფედერაციებს, სპორტსმენებს და მწვრთნელებს. განსაკუთრებით ვულოცავ ზურაბ იაკობიშვილს, გენო პეტრიაშვილს, ანასტასია გოტფრიდს და ლაშა ტალახაძეს.

 2017 წელს მართლაც უჩვეულოდ კარგი შედეგებით ვამთავრებთ და ეს არის ძალიან სასიხარულო ამბავი. ჩვენ გვყავს   მსოფლიოს 4 ჩემპიონი 5 ოლიმპიურ სახეობაში! ასეთი რამ პირველად ხდება  საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში. ასეთი რამ ძალზე იშვიათად თუ მომხდარა შორეულ საბჭოთა ეპოქაშიც. წლები ისე გადიოდა, ერთი ოქრო სანატრელი გვქონდა, დღეს კი ერთბაშად 4 ჩემპიონი გვყავს. ამას დაუმატეთ ლაშა ტალახაძის მსოფლიოს რეკორდები, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ასევე ასაკობრივ ტურნირებში აღებული სხვადასხვა ხარისხის მედლები, მათ შორის - ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოპოვებული 9 მედალი და გუნდური მე-11 ადგილი. 20-წლიანი პაუზის შემდეგ, მედალი ჩამოვიტანეთ ასევე ზამთრის ოლიმპიური ფესტივალიდან," - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ეს არ არის ქართული სპორტის დღევანდელი შესაძლებლობის მაქსიმუმი, ჩვენ გვაქვს განვითარების რეზერვი და პროცესის სწორად დაგეგმვის და წარმართვის შემთხვევაში, წინსვლა უფრო თვალსაჩინო და ხელშესახები გახდება.

„ამას რომ ვამბობ, პირველ ყოვლისა ვგულისხმობ იმ აუცილებელ ცვლილებებს, რომელთა განხორციელებაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ჩვენს სპორტში. რეფორმების საჭიროებაზე ჩვენ ადრეც არაერთხელ გვისაუბრია, მათ შორის - ჩვენი სესიის ტრიბუნიდან.

ამ თემაზე საუბარი განსაკუთრებით აქტუალური ხდება დღეს, როცა ბოლო სამთავრობო ცვლილებების შედეგად, გაუქმებულია სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და სპორტის სფერო კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამგებლობაში გადავიდა.

ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, საქართველოს მთავრობამ საჭიროდ მიიჩნია სამინისტროების ოპტიმიზაცია, რაც ადრე გამოცხადებული გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი ნაწილია. მთავრობამ თავისი სიტყვა თქვა და პარლამენტმაც შესაბამისი ცვლილებები შეიტანა მოქმედ კანონმდებლობაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, რეფორმა ამით არ დასრულებულა. 

ცვლილებების პირველ მნიშვნელოვან ეტაპს უნდა მოჰყვეს არანაკლებ მნიშვნელოვანი  გადაჯგუფება ქვედა რგოლში, ანუ სპორტულ უწყებათა სტრუქტურაში. კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, სწორედ ჩვენი გადასაწყვეტია, რომელ მოდელს ავირჩევთ სამომავლოდ, ჩვენს წინაშე მდგარი ახალი ამოცანების გადასაჭრელად.

ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის: წინ გვიდევს ევროპის მოწინავე სპორტული ქვეყნების გამოცდილება. ასევე გვაქვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და ჩვენი სხვა პარტნიორების რეკომენდაციები იმის შესახებ, რომ მაღალი მიღწევების, ანუ ელიტური სპორტის მართვაში ერთ-ერთი მთავარი როლი ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა იკისროს. 

ამ როლის ეფექტურად შესასრულებლად, რასაკვირველია, ოლიმპიურ კომიტეტს უნდა გადაეცეს  სპორტში მისი სტატუსისა და ფუნქციის შესაბამისი უფლებამოსილება. თავის მხრივ, ოლიმპიურმა კომიტეტმა, სპორტულ ფედერაციებთან ერთად, უნდა აიღოს შესაბამისი პასუხისმგებლობა.ოლიმპიური კომიტეტი და ოლიმპიური სპორტი. ეს არის სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური კავშირი. 

სპორტის ოლიმპიური სახეობების და ოლიმპიური კომიტეტის ერთიანობა, მათი კოორდინირებული მოქმედება, ოთხწლიანი ოლიმპიური ციკლის ერთობლივად დაგეგმვა, ფუნქციებისა და პასუხისმგებლობის ოპტიმალური განაწილება, ელიტური სპორტისთვის გამოყოფილი სახსრების ეფექტური განკარგვა და მთლი ამ პროცესის მონიტორინგი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მივაღწიოთ მაქიმალურ უკუგებას, ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ ჩვენი სპორტი. 

ვიმეორებ, ეს არის აპრობირებული და წარმატებული პრაქტიკა არაერთ დასავლურ ქვეყანაში. ეს არის რეკომენდაცია, რომელსაც გვაძლევენ ევროპული ორგანიზაციები. ეს არის გზა, რომლისკენაც გვიბიძგებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მზად არის აქტიურად ჩაერთოს სპორტის შემდგომი რეფორმირების პროცესში, წარმოადგინოს ერთგვარი საგზაო რუკა, რათა უკვე დაწყებულმა ცვლილებებმა ლოგიკური გაგრძელება ჰპოვოს.ჩვენ ვართ პარტნიორები, ვემსახურებით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. ამ საქმის წარმატებას კი, გარდა  ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსისა, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ეფექტური მმართველობა, როცა ზუსტად არის განსაზღვრული სპორტში ჩართული თითოეული სუბიექტის ფუნქცია, ვალდებულება და პასუხისმგებლობა. 

ამ თემაზე დეტალურ საუბარს ჩვენ გავაგრძელებთ გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელებთან და იმედი მაქვს, აუცილებლად მივალთ კონსენსუსამდე,"-განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

სეოკ-ის ანგარიშთან დაკავშირებით სიტყვით გამოდიდნენ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე,  ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, ტანვარჯიშულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი.

სესიის დელეგატებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია 2018 ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მზადების და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების შესახებ.

საოლიმპიადო სამზადისზე ისაუბრა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა. როგორც აღინიშნა, საქართველო ზამთრის ოლიმპიადაზე 4 სპორტსმენით წარსდგება: მორის ყვითელაშვილი (ფიგურული ციგურაობა), ნინო წიკლაური (სამთო თხილამურობა), იასონ აბრამაშვილი (სამთო თხილამურობა) და გიორგი სოღოიანი (ციგაობა). მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა წინასაოლიმპიადო სამზადისზე, საქართველოს დელეგაციის ეკიპირების, სამხრეთ კორეში გამგზავრების, დაბინავების და სხვა საკითხებზე. ასევე ისაუბრა ზამთრის სპორტში არსებულ პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების საჭიროებაზე ვრცლად ისაუბრა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა. როგორც აღინიშნა,  მეტად  საჭირო და სასარგებლო ნაბიჯი გადაიდგმება იმით, რომ ეროვნულ დონეზე ჩვენს სპორტულ კალენდარში გაჩნდება ოლიმპიური თემატიკა. ამ საქმეში აუცილებელია ინტენსიური და დაინტერესებული ჩართულობა მუნიციპალიტეტების, რეგიონების ხელმძღვანელების, განათლების,  კულტურისა და სპორტის სამინისტროების, ოლიმპიური კომიტეტის, ეროვნული სპორტული ფედერაციების.

სესიამ დაადგინა, რომ „სასკოლო და ბავშვთა სპორტში არსებული სერიოზული პრობლემების დაძლევის ხელშეწყობის, რაიონებსა და ქალაქებში, ზოგადად რეგიონებში მასობრივი სპორტის განვითარების, სპეციალიზირებული სპორტული სკოლების როლისა და მნიშვნელობის ამაღლებისა და მათი საქმიანობის კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირების, ყველა დონის რეგიონალური და მუნიციპალური ადმინისტრაციის მოტივაციის გაზრდის, კონტინენტალური და მსოფლიო ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის რეზერვების მომზადების ხელშეწყობის მიზნით 2019 წლიდან, 2 წელიწადში ერთხელ  ჩატარდეს საქართველოს ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი"

სესიის დელეგატებს სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურისა და სპორტის ახალდანიშნულმა მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. მან ისაუბრა სამინისტროს სამომავლო გეგმებზე, სპორტული ორგანიზაციების კონსოლიდირებული მუშაობის აუცილებლობაზე, მასობრივი და დიდი სპორტის შემდგომ განვითარებაზე. მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა ყურადღებით განიხილოს და გაიზიაროს ოლიმპიური კომიტეტის საქმიანი წინადადებები სპორტში განსახორციელებელ სამომავლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

სეოკ-ის საანგარიშო სესიის მონაწილეებსა და სტუმრებს წარუდგინეს 2018-2020 წლების ოლიმპიური  შეჯიბრებების ვიდეო-პრეზენტაცია.

დასასრულს, სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა  სესიის დელეგატებს და სტუმრებს მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი, უსურვა მხნეობა, ჯანმრთელობა, სპორტული შემართება, წარმატებები საქმიანობაში.