სეული 1988
25 ივნისი 2012
XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, 17 სექტემბერი - 5 ოქტომბერი სეული, კორეა
სხვა კანდიდატი: ნაგოია
სპორტის სახეობათა რაოდენობა: 23
მედლების კომპლექტი: 237
მონაწილეობდა 159 ქვეყნის 8465 სპორტსმენი (მათ შორის 2186 ქალი).
თამაშები გახსნა კორეის პრეზიდენტმა რო დე უმ
ათლეტთა სახელით ფიცი დადეს ჰა ჯაიმ (კალათბურთი) და სონ მი ნამ (ხელბურთი).
ოლიმპიადის გმირები:მეტიუ ბიონდი (აშშ), კრისტინ ოტო (გდრ) და ფლორენს გრიფიტ-ჯოინერი (აშშ).
ოლიმპიადა 24 წლის შემდეგ მეორედ ეწვია აზიას - 1981 წლის 30 სექტემბერს ბადენ-ბადენში გამართულ მორიგ სესიაზე სოკმა სეულსა (კორეა) და ნაგოიას (იაპონია) შორის უპირატესობა სეულს მიანიჭა 52 ხმით 27-ის წინააღმდეგ. ოლიმპიური მოძრაობა კვლავ დადგა ბოიკოტის საშიშროების წინაშე, რადგან სსრ კავშირსა და მის სატელიტ ქვეყნებს სამხრეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდათ. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თამაშების თანამასპინძლობა მოითხოვა. მთელი სამი წლის განმავლობაში სოკი დაძაბულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან და სთხოვდა მას, დაეთმო რამდენიმე სახეობა ან რამდენიმე დისციპლინა მაინც. როცა მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა, ჩრდილოეთ კორეამ ბიოკოტი გამოუცხადა ოლიმპიადას. სოლიდარობის ნიშნად, სეულში ჩასვლაზე უარი განაცხადეს კუბისა და ეთიოპიის სპორტსმენებმა. შიშობდნენ, რომ ბოიკოტს მხარს დაუჭერდა სსრ კავშირიც, მაგრამ ასე არ მოხდა და სეულში 12 წლის შემდეგ კვლავ გახდა შესაძლებელი ერთმანეთს სპორტულ სარბიელზე შეხვედროდნენ აშშ-ის, სსრკ-ისა და გდრ-ის გუნდები.
პირველად ოლიმპიადების ისტორიაში, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში აშშ III ადგილზე აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ ამერიკელებმა რიგ სახეობაში მაღალი შედეგი აჩვენეს, ხოლო ამ ქვეყნის ორი წარმომადგენელი თამაშების გმირებადაც კი აღიარეს. ფლორენს გრიფიტ-ჯოინერმა ორივე სპრინტერული დისტანცია მოიგო, გაიმარჯვა ესტაფეტაში 4X100 და ვერცხლის მედალი მოიპოვა ესტაფეტაში 4X400 მ. 100 მეტრზე მისი შედეგი (10,54) მსოფლიო რეკორდს სჯობდა, მაგრამ ზურგქარის გამო არ ჩაითვალა. სამაგიეროდ ჩაითვალა გრიფიტ-ჯოინერის მსოფლიო რეკორდი 200 მეტრზე (21,34). სულ სეულში 27 მსოფლიოს რეკორდი დამყარდა. ერთმა რეკორდმა მხოლოდ სამ დღეს იარსება: კანადელმა ბენ ჯონსონმა 100 მეტრზე რბენა მსოფლიო რეკორდით (9,79) მოიგო, მაგრამ დოპინგ-ტესტზე ჩავარდა, რის გამოც გამარჯვებიდან სამი დღის შემდეგ ოლიმპიური ოქროს მედალიც ჩამოართვეს და მსოფლიო რეკორდიც გაუუქმეს. ჯონსონის ამბავი ყველაზე ხმაურიანი დოპინგ-სკანდალი იყო ოლიმპიადების ისტორიაში. 800, 1500 და 5000 მეტრზე რბენა კენიელებმა მოიგეს.
ჯეკი ჯოინერ-კირსიმ I ადგილი დაიკავა შვიდჭიდსა და სიგრძეზე ხტომაში. სერგეი ბუბკამ ჭოკით ხტომა მოიგო და თავისი პირველი და უკანასკნელი ოლიმპიური მედალი მოიპოვა. პირველად სეულში დაემუქრა საფრთხე მარკ სპიცის უნიკალურ მიღწევას, რომელმაც ერთ თამაშებში 7 ოქროს მედალი მოიგო: აღმოსავლეთგერმანელმა მოცურავემ კრისტინ ოტომ 6 ოქროს მედლის მოპოვება შეძლო, 7 მედალი დაისაკუთრა ამერიკელმა მეტ ბიონდიმ, მაგრამ მათგან მხოლოდ 5 იყო ოქროსი, თითო კი - ვერცხლისა და ბრინჯაოსი. სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმირ სალნიკოვმა, რომელმაც საბჭოთა ბოიკოტის გამო წინა ოლიმპიადა გამოტოვა, სეულში კიდევ 1 ოქროს მედალი აიღო (1500 მ). სეულში მოპოვებული ოქროს მედლით დაიწყო თავისი ოლიმპიური კარიერა ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა მოჭიდავემ ალექსანდრ კარელინმა. 4 წლის წინანდელი წარმატება გაიმეორა ამერიკელმა წყალში მხტომელმა გრეგ ლუგანისმა, რომელმაც, ისევე როგორც ლოს-ანჯელესში, 2 ოქროს მედალი მოიპოვა. ერთ-ერთი წინასწარი ნახტომისას მან ტრამპლინს თავი დაარტყა და გონდაკარგული ჩავარდა წყალში, მაგრამ 35 წუთის შემდეგ კვლავ გამოვიდა ასპარეზზე და წარმატებით განაგრძო ბრძოლა ოქროს მედლისთვის.
აღმოსავლეთგერმანელმა ველოსიპედისტმა და მოციგურავემ კრისტა როტენბურგერ-ლუდინგმა ვერცხლის მედალი მოიპოვა სპრიტში. მანამდე მას ოქროსა (1984) და ვერცხლის (1988) მედლები ჰქონდა მოგებული 500 მეტრზე ციგურაობაში. ამგვარად, როტენბურგერ-ლუდინგი გახდა ერთადერთი სპორტსმენი ქალი, რომელმაც მედლები მოიპოვა როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის თამაშებში. პირველად ოლიმპიადების ისტორიაში, ყველა საპრიზო ადგილი ცხენის გაწვრთნაში ქალებმა დაიკავეს: ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ნიკოლ უფჰოფი რემბრანდტით, ვერცხლის მედალი მოიპოვა ფრანგმა მარგიტ ოტო კრეპენმა კორლანდუსით, ხოლო ბრინჯაოსი - შვეიცარიელმა კრისტინ შტუკელბერგერმა გოგენ-დე-ლულით.
სეულის თამაშებში საქართველოს 16 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე უკეთ გამოვიდა ნინო სალუქვაძე, რომელმაც ტყვიის სროლაში ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა. სალუქვაძის გარდა, ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით გობეჯიშვილი, ტანმოვარჯიშე ვლადიმერ გოგოლაძე (გუნდური), რაპირისტი ვლადიმერ აფციაური (გუნდური) და ფეხბურთელი გელა კეტაშვილი. II ადგილზე გავიდა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლერი ხაბელოვი. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ძიუდოისტებმა გია თენაძემ და ამირან ტოტიკაშვილმა, მორბენალმა მაია აზარაშვილმა, ხუთჭიდელმა ვახტანგ იაგორაშვილმა და წყალბურთელმა მიხეილ გიორგაძემ.
საქართველოს ოლიმპიური შედეგები - XXIV ოლიმპიადა, სეული. 16 მონაწილე. 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) - I და II, დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - I, ვლადიმერ აფციაური (ფარიკაობა) - I, ვლადიმერ გოგოლაძე (სპორტული ტანვარჯიში) - I, გელა კეტაშვილი (ფეხბურთი) - I, ლერი ხაბელოვი (თავისუფალი ჭიდაობა)- II, ამირან ტოტიკაშვილი (ძიუდო) - III, გიორგი თენაძე (ძიუდო) - III, ვახტანგ იაგორაშვილი (თანამედროვე ხუთჭიდი) - III, მიხეილ გიორგაძე (წყალბურთი) - III, მაია აზარაშვილი (მძლეოსნობა) - III, გიორგი ჩოგოვაძე (წყალში ხტომა) - IV, ქრისტინა ფალასანიდი (სინქრონული ცურვა) - VII, გურამ გედეხაური (კლასიკური ჭიდაობა) - VII, ლეილა მესხი (ჩოგბურთი) - II წრე, თამაზ იმნაიშვილი (სასტენდო სროლა) - ფინალში არ გასულა.