ერთი ჩემპიონის ისტორია

პეკინი 2022

08 მაისი 2025

XXIV ოლიმპიური თამაშები

პეკინი, ჩინეთი

 

2022 წლის 4 თებერვალი - 20 თებერვალი

მონაწილე ქვეყანა - 91

სპორტსმენი - 2874 (1292 ქალი, 1582 ვაჟი)

სპორტის სახეობა - 7

მედლების კომპლექტი -109

სტადიონი - პეკინის ეროვნული სტადიონი

ყველაზე მეტი ოქროს მედალი

კაცებში: იოჰანეს ტინეს ბიუ (ბიათლონი, ნორვეგია) - 4,0,1

ქალებში: მარტე ოლსბიუ-როისელანი (ბიათლონი, ნორვეგია) - 3,0,2

 

ქვეყნები და მედლები (10 საუკეთესო გუნდი)

 

1. ნორვეგია 16 8 13 37

2. გერმანია 12 10 5 27

3. აშშ 9 9 7 25

4. ჩინეთი 9 4 2 15

5. შვედეთი 8 5 5 18

6. ნიდერლანდები 8 5 4 17

7. ავსტრია 7 7 4 18

8. შვეიცარია 7 2 6 15

9. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი 5 12 15 32

10. საფრანგეთი 5 7 2 14

 

პეკინმა 2022 წლის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება 2015 წლის 31 ივლისს, კუალა ლუმპურში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 128-ე სესიაზე ალმა-ათისთან დაძაბულ კონკურენციაში ოთხი ხმის უპირატესობით მოიპოვა. შედეგად, პეკინი გახდა ისტორიაში პირველი ქალაქი, რომელმაც უმასპინძლა როგორც ზაფხულის (2008), ისე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.

ისევე როგორც ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, რომელიც ექვსი თვით ადრე ჩატარდა, პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიც კოვიდპანდემიის პირობებში მოეწყო. ასპარეზობები ძირითადად დახურული იყო მაყურებლისთვის. მხოლოდ რამდენიმე შეჯიბრება იყო, სადაც მოწვეული სტუმრები დაიშვებოდნენ და ისიც შეზღუდული რაოდენობით.

ჩინეთის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშების ჩატარებას რიგი ქვეყნებისგან წინააღმდეგობა შეხვდა, რომელთა უკმაყოფილებას იწვევდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევა, რაც ბოიკოტირების მოწოდებებში აისახა. მათ შორის, აშშ-მ ავსტრალიამ, კანადამ და ბელგიამ დიპლომატიურ ბოიკოტს მიმართეს - პეკინში მხოლოდ სპორტსმენები მიავლინეს. პეკინში არ ჩავიდნენ სლოვენიის, შვედეთის და ნიდერლანდების ოფიციალური პირებიც, მაგრამ მათ საკუთარი ამგვარი გადაწყვეტილება კოვიდპანდემიით გამოწვეული უსაფრთხოებით ახსნეს.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს 91 ქვეყნის 2874 სპორტსმენი ეწვია. პეკინში სპორტის 7 სახეობის 15 დისციპლინაში მედლების რეკორდული რაოდენობა, 109 კომპლექტი გათამაშდა, 7 კომპლექტით მეტი, ვიდრე ეს იყო პიონჩანის 2018 წლის თამაშებზე.

ზამთრის თამაშებზე დებიუტი ჰქონდა ფრისტაილში ბიგ ეარს და ქალებში მონობობს (ბობსლეი), ასევე - რამდენიმე შერეულ ასპარეზობას.

ზამთრის თამაშებზე პირველად წარდგნენ ჰაიტის და საუდის არაბეთის წარმომადგენლები.

ისტორიაში პირველად, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა ახალი ზელანდიის წარმომადგენელმა.

თამაშების მასპინძლებმა საშეჯიბრო ადგილებს პეკინის ირგვლივ მოუყარეს თავი, გარდა ამისა, გამოიყენეს პეკინის 2008 წლის ზაფხულის თამაშებისთვის აგებული არენები, მათ შორს „ჩიტის ბუდედ" შერაცხილი პეკინის ეროვნული სტადიონი და პეკინის საწყლოსნო ცენტრი.

მედლების ჩათვლაში პირველი ადგილი ზედიზედ მეორედ ნორვეგიელებმა დაიკავეს (16-8-13). გარდა ამისა, ერთ თამაშებზე მოპოვებული 16 ოქროს მედლით მათთვის საუკეთესო შედეგს მიაღწიეს. ზამთრის თამაშებზე ასევე მათთვის საუკეთესო შედეგი ჩვენეს ჩინელებმა, როგორც მოპოვებული ოქროს, ისე მედლების საერთო რაოდენობით (9-4-2).