ერთი ჩემპიონის ისტორია

ტურინი 2006

03 ივლისი 2012

XX ზამთრის  ოლიმპიური თამაშები 2006 , 10 -26 თებერვალი. ტურინი, იტალია  

სხვა კანდიდატები:

 

  • სიონი

 

სპორტის სახეობათა რაოდენობა: 7

მედლების კომპლექტი: 84

მონაწილეობდა 80 ქვეყნის 2508 სპორტსმენი (მათ შორის 960 ქალი)

თამაშები გახსნა:  კარლო აზეგლიო კიამპი - იტალიის პრეზიდენტი

ორმოცდაათი წლის შემდეგ იტალიაში მეორედ უმასპინძლეს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. 1956 წლისგან განსხვავებით, როდესაც ოლიმპიადა საკურორტო ქალაქ კორტინა დ'ამპეცოში ჩატარდა, ამჯერად მასპინძელი ინდუსტრიული ტურინი აღმოჩნდა. XX ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქისთვის ბრძოლაში ტურინს შვეიცარიის სიონი ეცილებოდა, მაგრამ საქმე პირველივე ტურში იტალიელთა განაცხადის გამარჯვებით დასრულდა.

მასპინძლებმა ოლიმპიადის მისაღებად და ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად არც ძალ-ღონე დაიშურეს და არც სახსრები. გარდა ამისა, აღმართეს ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე მაღალი ოლიმპიური ცეცხლის ფიალა (57 მ). ყველაზე დიდი აღმოჩნდა ტურინული მედლებიც, რომლის დიამეტრმაც 107 მმ შეადგინა.

ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში სარბიელზე პირველად გამოჩნდნენ ალბანეთის, ეთიოპიისა და მადაგასკარის წარმომადგენლები. ზამთრის თამაშებზე სერბეთისა და მონტენეგროს სახელით პირველად და ერთადერთხელ წარსდგა ყოფილი იუგოსლავიის ორი მოკავშირე რესპუბლიკა.

ტურინის თამაშებზე თხუთმეტმა სპორტსმენმა შეძლო ერთზე მეტი ოქროს მედლის მოპოვება, საერთო ჩათვლაში პირველობა კი გერმანიას დარჩა, რომელმაც 29 მედალი დაისაკუთრა, მათ შორის 11 უმაღლესი სინჯის.

ინდივიდუალური შედეგებიდან აღსანიშნავია ბიატლონში გერმანელი მიხაელ გრაისის ასპარეზობა, რომელიც ხუთიდან სამ დისციპლინაში იყო პირველი. ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ნორვეგიელი ულე ეინარ ბიორნდალენი ტურინში ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ თავის მდიდარ კოლექციას ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მაინც შემატა.

სამგზის ჩემპიონები გამოვლინდნენ შორტ-ტრეკშიც. ამასთან, როგორც ვაჟებში, ისე ქალებში და ორივე შემთხვევაში, ეს სამხრეთკორეელებმა შეძლეს. შესაბამისად თავი გამოიჩინეს ან-ჰიუნ სუმ და ჩინ სონ-იუმ.

სათხილამურო ტრასებზე ორ-ორი ოქროს მედლით საუკეთესონი ავსტრიელები ბენჟამინ რაიხი და მიხაელა დორფმაისტერი იყვნენ. ავსტრიელებს სხვა სინჯის მედლებიც საკმარისად აღმოაჩნდათ, რამაც მათ სამთო მოთხილამურეთა გუნდურ ჩათვლაში ლიდერობა მოუტანა. ვაჟებში და ქალებში ოთხ ოქროსთან ერთად ავსტრიელთა მონაგარი ხუთი ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალიცაა.

ტურინში ისტორია გადაწერა სოლტ ლეიკ სიტის თამაშების სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მფლობელმა იანიცა კოსტელიჩმა. ტიტულოვანმა ხორვატმა ტურინული მონაგარით ოლიმპიური ჯილდოების კოლექცია ექვსამდე გაზარდა და გახდა პირველი სამთო მოთხილამურე, რომელმაც მსგავს შედეგს მიაღწია. სათხილამურო ტრასებზე იანიცას პარალელურად იასპარეზა მისმა ძმამ ივიცამ და ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

ასევე ისტორიული გამოდგა ტურინული სარბიელი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონისთვის, ნორვეგიელი ჩეტილ ანდრე ომოდტისთვის. ტიტულიანი ნორვეგიელი სუპერ-გიგანტში გამარჯვებით და ოთხამდე გაზრდილი ოქროს ჯილდოებით გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ვაჟი სამთო მოთხილამურე, რომელიც ოთხგზის ჩემპიონად იწოდება და ასევე ერთადერთია, ვის კოლექციაშიც რვა ოლიმპიური ჯილდოა (2018 წლის ჩათვლით).

მასპინძელთა გმირად იქცა ენრიკო ფაბრისი. იტალიელმა ციგურებით რბენაში სამი მედალი მოიპოვა, მათ შორის ორი ოქროს. ასევე ორგზის იზეიმა ჩემპიონობა ბარის თხილამურობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის სახელოვანი მანუელა დი ჩენტას ძმამ ჯორჯო დი ჩენტამ.

ტურინში ყველაზე მეტი მედალი კანადელი სინდი კლასენის ანგარიშზეა. ჩრდილოეთამერიკელმა ციგურებით რბენაში ჩემპიონობასთან ერთად ორი-ორი ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

 

ყველაზე დიდ მოულოდნელობად შეიძლება ჩაითვალოს ბარის თხილამურობაში ნორვეგიელთა შედეგები. სპორტის ამ სახეობის ლიდერი ქვეყანა, რომელსაც ალბერვილის თამაშებიდან (1992) მოყოლებული უმაღლესი სინჯის მედლის გარეშე არ დაუტოვებია ასპარეზი, ამჯერად მათმა მონაგარმა მხოლოდ სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი შეადგინა.

საიუბილეო XX ოლიმპიადა მნიშნელოვანი იყო ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც. კერძოდ, ასპარეზობებისთვის თვალ-ყურის მიდევნება შესაძლებელი გახდა მობილური ტელეფონების დახმარებით.

 

 საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები

 

1.   იასონ აბრამაშვილი -  სამთო სათხილამურო სპორტი, სლალომი  - 32 ადგილი, გიგანტური სლალომი - 29 ადგილი

2.   ვახტანგ მურვანიძე - ფიგურული ციგურაობა - 17 ადგილი

3.   ელენე გედევანიშვილი - ფიგურული ციგურაობა - 10 ადგილი