ერთი ჩემპიონის ისტორია

ლონდონი 2012

05 ივლისი 2012

XXIX ოლიმპიური თამაშები. 2012 წლის 27 ივლისი - 12 აგვისტო. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.

სპორტის სახეობა: 26

მედლების კომპლექტი: 302

მონაწილეობდა 204 ქვეყნის 11028 სპორტსმენი (მათ შორის - 4776 ქალი)

თამაშები გახსნა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II

ოლიმპიადის გმირები:მაიკლ ფელპსი (აშშ) და მისი ფრანკლინი (აშშ)

 

2012 წლის XXX ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლაში  კანდიდატ ქალაქებს შორის თავიდანვე ორი აშკარა ფავორიტი გამოიკვეთა - პარიზი და ლონდონი. გარკვეული უპირატესობით საფრანგეთის დედაქალაქი სარგებლობდა, მაგრამ ხმის მიცემის პროცესში, როცა საქმე მეოთხე ტურამდე მივიდა, 4  ხმის უპირატესობით გამარჯვება ლონდონს დარჩა.

ლონდონი გახდა პირველი ქალაქი, რომელსაც 1908 და 1948 წლების შემდეგ, ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მესამედ მიეცა.

ოლიმპიადა, გახსნის საზეიმო ცერემონიალამდე 2 დღით ადრე, 25 ივლისს, ქალთა საფეხბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპით დაიწყო. ოლიმპიურ სარბიელზე განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა 21 ათასზე მეტი აკრედიტებული მედიის წარმომადგენელი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით თამაშებს დაახლოებით 4-მილიარდიანი აუდიტორია ჰყავდა.

ინგლისის დედაქალაქს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყველა წევრი ქვეყანა ეწვია. მათ შორის, სოკ-ისგან არაღიარებული სამხრეთ სუდანის და 2010 წელს დაშლილი და სტატუსდაკარგული ნიდერლანდების ანტილის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც დამოუკიდებელ მონაწილეებად გამოვიდნენ. ასევე პირველად გამოჩნდნენ ქალი სპორტსმენები საუდის არაბეთიდან, ყატარიდან და ბრუნეიდან, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლონდონში საასპარეზოდ სოკ-ის ყველა წევრმა ქვეყანამ სულ ცოტა ერთი ქალი ოლიმპიელი გაგზავნა.

ოლიმპიური თამაშების პროგრამის ნაწილი პირველად გახდა ქალ მოკრივეთა ასპარეზობები. ამგვარად, ქალებმა პირველად შეძლეს ყველა სახეობაში მონაწილეობა, ხოლო ჩოგბურთს 1924 წლის შემდეგ შერეულ წყვილთა შეჯიბრებები დაუბრუნდა.

სიახლე იყო გახსნის საზეიმო ცერემონიალზე მწვრთნელთა სახელით ფიცის დადება. ასეთი პატივი კანოეისტთა მასპინძელ მწვრთნელს, ერიკ ფარელს ერგო.

ბრიტანელთათვის განსაკუთრებით საამაყო გამოდგა ლონდონის ველოპარკის ტრეკზე განვითარებული მოვლენები - 10 ფინალიდან შვიდში ჩემპიონობა მათ იზეიმეს. ველოდრომზე დამყარებული 9 მსოფლიო რეკორდიდანაც 7 მასპინძლებისაა. ასევე მათ ანგარიშზეა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ბრედლი უიგინსის მიერ საგზატკეცილო რბოლაში მოპოვებული მეოთხე ოლიმპიური ოქროც.

გამორჩეული იყო ასევე ინგლისელი ბენ ეინსლის მიღწევაც. ეინსლი გახდა პირველი აფროსანი, ვინც 5  ოლიმპიურ თამაშებზე  მედალი დაისაკუთრა და მეორე, ვინც ოთხგზის იზეიმა ჩემპიონობა.

ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა იაპონელმა თავისუფალი სტილის მოჭიდავემ, საორი იოშიდამ, რომელიც სპორტის ამ სახეობას მამამ - ჭიდაობაში ტოკიოს თამაშების ჩემპიონმა ეიკაცუ იოშიდამ აზიარა, ათენურ და პეკინურ ოქროებს ლონდონურიც შემატა.

სარბენ ბილიკებზე ისტორიული დაპირისპირება შემოგვთავაზეს იამაიკელმა უსეინ ბოლტმა და მისმა თანაგუნდელმა იოჰან ბლეიკმა. 100 მეტრზე რბენა პეკინის თამაშების სამგზის ჩემპიონის, ბოლტის გამარჯვებით დასრულდა. ის საუკეთესო იყო 200 მეტრზეც, ხოლო ბლეიკი ორივე შემთხვევაში ვერცხლს დასჯერდა. ამასთან, ბოლტი გახდა პირველი სპრინტერი, ვინც ორივე სპრინტერული დისციპლინის მოგება ზედიზედ მეორე ოლიმპიურ თამაშებზე შეძლო. ბოლტის დახმარებით იამაიკელებმა 4X100 ესტაფეტაც მოიგეს, თანაც - მსოფლიო რეკორდით. ასევე სარეკორდოდ გაირბინა ამერიკელ ქალთა კვარტეტმა, რომელმაც აღმოსავლეთ გერმანელების მიერ 1985 წელს დამყარებული მსოფლიო რეკორდი დაამხეს.

ლონდონის ოლიმპიადა ისტორიული იყო იმითაც, რომ მასში პარალიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონმა, სამხრეთაფრიკელმა ამპუტირებულმა სპრინტერმა ოსკარ პისტორიუსმა იასპარეზა.

ამერიკელი მოცურავე, 14-გზის ოლიმპიური ჩემპიონი მაიკლ ფელპსი ლონდონშიც შეუდარებელი იყო. თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ყველაზე ტიტულიანმა სპორტსმენმა 4 ლონდონური ოქროს და 2  ვერცხლის მედლით ოლიმპიური ჯილდოები 22-მდე გაზარდა. ამგვარი მაჩვენებლით, ფელპსმა საბჭოთა ტანმომავრჯიშის, ლარისა ლატინინას 18-მედლიანი რეკორდიც გააუმჯობესა.  

 

საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები

 

35 მონაწილე. 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი. ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო) _ I, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) _ II, დავით მოძმანაშვილი  (თავისუფალი ჭიდაობა) _ II, რევაზ ლაშხი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) _ II, დავით მარსაგიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) _ III, გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა) _ III, მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) _ III,  ვლადიმერ გეგეშიძე  (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) _ V, გურამ ფერსელაძე  (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) _ V, ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა) _ V, ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა) _ VII, რაულ ცირეკიძე (ძალოსნობა) _ IX, მალხაზ ზარქუა (თავისუფალი ჭიდაობა) _1/4, დავით ხუციშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) _ 1/4,  ზურაბ დათუნაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) _ 1/4, ბეთქილ შუკვანი (ძიუდო) _ 1/8, ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო) _ 1/8, ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო) _ 1/8, ლომერ ჟორჟოლიანი (ძიუდო) _ 1/8, ოთარ თუშიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) _ 1/8, სოსო ჯაბიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) _ 1/8, ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) _ XV და XXXIII,  ნუგზარ ტატალაშვილი (ძიუდო) _ 1/16, ადამ ოქრუაშვილი (ძიუდო) _ 1/16, ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა) _ 1/16, ანა ტატიშვილი (ჩოგბურთი) _ II წრე, ანა ტატიშვილი, მარგალიტა ჩახნაშვილი (ჩოგბურთი, წყვილები) _ II წრე, ირაკლი ბოლქვაძე (ცურვა) _ XXVIII, მოსიეჟ როსიევიჩი (მძლეოსნობა) _ XXXXIV, მაია გოგოლაძე (მძლეოსნობა) _ საკვალიფიკაციო ეტაპი, ბორისლავ სხირტლაძე (მძლეოსნობა) _ საკვალიფიკაციო ეტაპი, დავით ილარიანი (მძლეოსნობა) _ საკვალიფიკაციო ეტაპი, გია მაჭავარიანი (ძალოსნობა) _ უადგილოდ, გიორგი ნადირაძე (ველოსპორტი) _ დისკვალიფიკაცია, მერაბ თურქაძე (კრივი) _ წონა ვერ ჩააბარა.