სპორტკომპლექსი „არენა“ ოფიციალურად გაიხსნა

10 იანვარი 2012

10 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილმა ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ - დავით გობეჯიშვილი ერთად სპორტკომპლექსი „არენა" ოფიციალურად გახსნა. სპორტკომპლექს არენაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2011 წელს დაიწყო.

შენობას ჩაუტარდა სრული კაპიტალური რემონტი, განახლდა მთავარი სპორტული დარბაზი, დაიგო თანამედროვე სტანდარტების საფარი ხელბურთის, კალათბურთის, ფუტსალის და ფრენბურთისათვის.

დარბაზი 1600 მაყურებელზეა გათვლილი, ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 25 მეტრიან საცურაო აუზს, კეთილმოეწყო გასახდელები, საშხაპეები, თანამედროვე სტანდარტებით გარემონტდა დარბაზის ჰოლი და გარე-ფასადი, მოეწყო საკონფერენციო ოთახები, საბილიარდო, სასადილო და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები. 2012 წელს სამშენებლო სამუშაოები განახლდება, დაგეგმილია 20-ნომრიანი სასტუმროსა და ასევე სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობა, გარდა ამისა რამდენიმე სათადარიგო დარბაზის და ტირის სრული რეაბილიტაცია.

სპორტკომპლექსი კერძო ინვესტიციით გარემონტდა, „არენას" დამფუძნებელია გურამ გოგოლაძე, დირექტორი კი დავით სილაგავა.

ლადო ვარძელაშვილი:" სპორტკომპლექს „არენას" რეაბილიტაცია მოხდა თანამედროვე სტანდარტებით, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობების წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს იდეალურ პირობებში ივარჯიშონ, ფედერაციები კი საქართველოს პირველობებს კეთილმოწყობილ დარბაზებში გამართავენ. სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი 2012 წელშიც გაგრძელდება, ეს კი თავისმხრივ ხელს შეუწყობს ქართული სპორტის განვითარებას".

დავით გობეჯიშვილი:" სპორტკომპლექს „არენას" რეაბილიტაცია მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, რომ 2015 წელს თბილისი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს, ასეთი დარბაზები კი ნამდვილად დაგვჭირდება და რაც ყველაზე სასიხარულოა თანამედროვე სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს".