ტატიშვილი ვოზნიაცკის წინააღმდეგ
16 იანვარი 2012

ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში წარმატებული გამოდგა ქართველი ჩოგბურთელის ანა ტატიშვილის დებიუტი, რომელსაც ამჟამად რეიტინგში 86-ე პოზიცია უჭირავს. მელბურნის კორტებზე მიმდინარე ,,დიდი შლემის" ტურნირზე პირველ წრეში ტატიშვილის მეტოქე ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის რეიტინგში 674-ე ადგილზე მყოფი ავსტრალიელი ეშლი ბარტი იყო.
წყვილის ფავორიტად ბუნებრივია ქართველი ჩოგბურთელი ითვლებოდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ანას 15 წლის ბარტისთან განსაკუთრებით მეორე სეტში დიდი ბრძოლა გადახდა. პირველ სეტში ტატიშვილი ბარტის იოლად გაუსწორდა და 6:2 მოუგო, ხოლო მეორე სეტში მასპინძელმა ქართველი საკმაოდ ანერვიულა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ბოლო პერიოდში ანა ტატიშვილისთვის ე.წ. ,,ბულიტები" ერთგვარ ,,აქილევსის ქუსლად" იქცა, ამჯერად კი ჩვენებურისთვის ყველაფერი სასიკეთოთ წარიმართა - 6:2, 7:6.
ამ გამარჯვებით ანა ტატიშვილმა ერთბაშად 100 სარეიტინგო ქულა ამოიმუშავა და კლასიფიკაციაშიც საგრძნობლად (დაახლოებით 10 საფეხურით) უნდა დაწინაურდეს. ყველაფერთან ერთად რეიტინგში წინსვლა ქართველი ჩოგბურთელისთვის იმითაც მნიშვნელოვანია, რომ ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიასაც უახლოვდება. თუ ზაფხულისთვის ტატიშვილი სავარაუდოდ საუკეთესო 70-ეულში იტრიალებს ოთხწლეულის უმნიშვნელოვანეს სპორტულ ფორუმზეც იასპარეზებს.
დიდი ალბათობით ანა ტატიშვილის მომდევნო მეტოქე ავსსტრალიის ღია პირველობის II წრეში ქალთა შორის პირველი ჩოგანი დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი იქნება.