საქართველოსა და ყაზახეთის ოლიმპიურმა კომიტეტებმა მემორანდუმი გააფორმეს
17 იანვარი 2012
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აგრძელებს სხვადასხვა ქვეყნის ეოკ-ებთან საქმიანი ურთიერთობების განმტკიცებას. ბოლო პერიოდში სეოკ-მა ამ მხრივ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სხვადასხვა სახელმწიფოს ოლიმპიურ კომიტეტთან მემორანდუმების გაფორმებით. ახლახანს კი მსგავს ხელშეკრულებას ხელი ყაზახეთის ეოკ-თან მოეწერა.
მიმდინარე წლის 14 იანვარს ალმაათაში ყაზახეთისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტებმა თემირხან დოსმუხამბეტოვმა და გია ნაცვლიშვილმა ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს. ხელშეკრულება ორი ქვეყნის ეოკ-ებს შორის ხანგრძლივ თანამშრომლობას უყრის საფუძველს, სადაც საუბარია ოლიმპიური პრინციპებისა და იდეალების გაღრმავებაზე-განმტკიცებაზე. მემორანდუმი ასევე გულისხმობს ეფექტურ თანამშრომლობას მოძრაობა ,,სპორტი ყველასათვის" და მაღალი მიღწევების სპორტში, ერთმანეთისადმი გამოცდილების გაზიარებას, კვალიფიკაციის ასამაღლებლად სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შორის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, ერთობლივი საწვრთნელი შეკრებების მოწყობას და ა.შ.