საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსებიდან 26 წელი გავიდა !

06 ოქტომბერი 2015

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 25 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად თბილისში იმყოფებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი - თომას ბახი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი - პატრიკ ჰიკი, ასევე ევროპის 25 ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული პირები.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1989 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ კონფერენციაზე დაარსდა, რომელსაც 337 დელეგატი ესწრებოდა. სეოკ-ის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი, ვიცე-პრეზიდენტებად ვიქტორ სანეევი, თენგიზ გაჩეჩილაძე და პაატა ნაცვლიშვილი, გენერალურ მდივნად დავით კინწურაშვილი.
1991 წლიდან 2008 წლამდე სეოკ-ის გენერალური მდივანი იყო ემზარ ზენაიშვილი.

1996 წლის 13 დეკემბერს საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე სეოკ-ის მეორე პრეზიდენტად ჯანსუღ ბაგრატიონი აირჩიეს, ვიცე-პრეზიდენტებად თამაზ იმნაიშვილი, რუსუდან სიხარულიძე და მამუკა ხაზარაძე.

2004-2007 წლებში სეოკ-ის პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი იყო, ვიცე-პრეზიდენტები ლერი ხაბელოვი და გოგი თოფაძე.

2008 წლის საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე სეოკ-ის პრეზიდენტად არჩეულ იქნა გია ნაცვლიშვილი, პირველ ვიცე-პრეზიდენტად რამაზ გოგლიძე, ვიცე-პრეზიდენტებად დავით გობეჯიშვილი და ვახტანგ გეგელია, ხოლო გენერალურ მდივნად ალექსანდრე ბითაძე.

2012 წელს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე აირჩიეს სეოკ-ის ახალი ხელმძღვანელობა: პრეზიდენტი _ ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი _ ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები _ ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი _ ემზარ ზენაიშვილი.
1992 წლის 9 მარტს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სეოკ-ი დროებით და პირობითად აღიარა, 1993 წლის 23 სექტემბერს მონაკოში გამართულ სოკ-ის 99-ე სესიაზე კი თავის სრულუფლებიან წევრად მიიღო.

სეოკ-ს აქვს განსაკუთრებული უფლება საქართველო წარადგინოს ოლიმპიურ თამაშებზე და სეოკ-ის სხვა შეჯიბრებებზე. იგი ადგენს და ხელმძღვანელობს საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციებს. მონაწილეობს ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამებში.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით და მოწოდებულია ხელი შეუწყოს ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის განვითარებას ქვეყანაში.