თბილისის მსოფლიო თასს ძიუდოში 18 ქვეყნის არბიტრი მოემსახურება

27 იანვარი 2012

28-29 იანვარს თბილისში გასამართ მსოფლიო თასის გათამაშებაში ძიუდოში, რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას 18 ქვეყნის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი მოემსახურება.

დღეს არბიტრებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი შეხვდა. სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ოლიმპიური მუზეუმი. სეოკ-ის პრეზიდენტმა სტუმრები გულთბილად მიიღო და ხაზი გაუსვა მათ უდიდეს დამსახურებასა და პროფესიონალიზმს. ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ახლახანს სეოკ-ის ორგანიზებით ჩატარებულმა მწვრთნელთა და მსაჯთა სემინარმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია და რომ ძიუდო ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური სპორტის სახეობაა მსოფლიოში. ასევე ხაზი გაუსვა, რომ სპორტის ეს ულამაზესი სახეობა მისთვის უცხო არ არის და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობამდე ძიუდოს ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო.

აქედან გამომდინარე ძიუდოს სამყაროში მისთვის ძალიან ახლობელია. შეხვედრის დასასრულს კი მან არბიტრებს წარმატებები უსურვა, როგორც თბილისის მსოფლიო თასზე, ასევე მომავალ სპორტულ ღონისძიებებზე.

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული 18 მსაჯიდან 15 მათგანი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს მოემსახურება, ისიც სათქმელია, რომ ბევრს ორი და სამი ოლიმპიადაც უმსაჯიათ.